მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერ-რელიგიური კონფერენცია I - 2016წ.
კონფერენცია -
15.08.2016
1 / 9


25 ივლისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიის სააგენტოს პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია

დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

 

 

 

ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის

 

 

ჩვენ, კონფერენციის - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ - მონაწილენი, ვაცხადებთ, რომ:

საქართველო არის მრავალეროვანი, მრავალკონფესიური სახელმწიფო და მის განვითარებაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ რელიგიების წარმომადგენელებმა.

ჩვენ ვხედავთ  უკანასკნელ ათწლეულში  რელიგიურ ნიადაგზე მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებებს და ვაცნობიერებთ  ინტერრელიგიური ურთიერთობის  მნიშვნელობას  მშვიდობის  განმტკიცების საქმეში.

გვწამს, რომ ინტერრელიგიური დიალოგი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა ურთიერთცნობადობის ამაღლებისა და ურთიერთპატივისცემის გასაღრმავებლად, მითუმეტეს საქართველოში, ქვეყანაში, სადაც საუკუნეების განმავლობაში მუდამ  არსებობდა მშვიდობიანი  თანაცხოვრება და ტოლერანტობა  სხვადასხვა კულტურათა და რელიგიათა წარმომადგენელებს შორის.

მივიჩნევთ რა, რომ აუცილებელია რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე გავაძლიეროთ თანამშრომლობა და რელიგიის თავისუფლების  საყოველთაოდ აღიარებული უფლების გათვალისწინებით ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას,

 

ვთანხმდებით შემდეგზე:

 

  1. რწმენა არ არის  ძალადობის,  რელიგიურ ნიადაგზე ომისა და კონფლიქტის წამახალისებელი;

 

  1. ინტერრელიგიური დიალოგი არის განსხვავებული რწმენის ადამიანთა  ურთიერთობის ჰუმანური ფორმა.

 

  1. ინტერრელიგიური  დიალოგისას წარმოშობილი შესაძლო სირთულეები არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი. იგი უნდა დაიძლიოს ურთიერთგაგებით, სამართლიანობისა და სარწმუნოებრივ-მორალური პრინციპების გათვალისწინებით.

 

  1. ინტერრელიგიური დიალოგი  ხელს უწყობს რა კულტურათა კვლევასა და რელიგიური  ცნობიერების  ამაღლებას,  ასუსტებს ნეგატიურ განწყობებს და  ქმნის მშვიდობიან გარემოს.  

 

  1. ინტერრელიგიური დიალოგი თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების დაცვას და ღვთის მცნებებზე  დაფუძნებული ზოგად-საკაცობრიო ღირებულებების დანერგვას.

 

  1.  ინტერრელიგიურ დიალოგში ჩართული მხარეები  იღვწიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის, ამასთან, თანაუგრძნობენ ყველა ხალხის სატკივარს, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მოკლებულნი არიან მშვიდობის, სამართლიანობისა და სოციალურ სიკეთეებს;

 

  1. ინტერრელიგიურ დიალოგში ჩართული მხარეების  მოღვაწეობა არის შემოქმედებითი და საქმიანი და ხელს უწყობს რელიგიათა შორის თანამშრომლობას და მაღალზნეობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებას, ორიენტირებულს ადამიანის ღირსებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვაზე, თანასწორუფლებიანობაზე, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, სნეულთა და საპყრობილეში მყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ნარკომანიის, ლოთობისა, ძალადობის და სხვა მავნე გამოვლინებების აღმოფხვრაზე.

 

  1. რელიგიური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ რელიგიური ჯგუფების მშვიდობიან თანაარსებობას კავკასიის რეგიონში და ამით ხელი შეუწყონ მრავალფეროვანი მსოფლიოს შენარჩუნებას.

 

 

ხელმომწერი მხარეები ვაცხადებთ მზადყოფნას, ერთად ვიზრუნოთ ინტერრელიგიური დიალოგის გზით მშვიდობის მხარდასაჭერად და ზემოაღნიშნულ მიზანთა განსახორციელებლად.

 

 

 

  • რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
  • საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია 
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო 
  • ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია 
  • სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია
  • საქართველოს ებრაელთა კავშირი
  • ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში
  • საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
  • საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
  • საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია

 






View Larger Map