მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერრელიგიური სათათბირო
ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა ბავშვთა უფლებების საკითხებზე
11.11.2019
1 / 8


დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების: საქართველოს საპატრიარქოს, მუსლიმთა სამმართველოს, ებრაული თემის, სომხური მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაციის, იეზიდთა სასულიერო საბჭოს, ევანგელურ-ბაპტისტური, საერთაშორისო ბაპტისტური, სახარების რწმენის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების წარმომადგენლები.

შეკრებილთ მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ჩატარებული ღონისძიებები და ხაზი გაუსვა, რომ რელიგიის სააგენტო კვლავაც შეასრულებს შუამავლის როლს რელიგიურ ორგანიზაციებსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, რაც კიდევ უფრო შეიწყობს ხელს საქართველოში ბავშვთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას. მისი ინფორმაციით, ორი რელიგიური ორგანიზაციის - საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლების შეხვედრა UNICEF-თან უკვე შედგა და ამგვარი თანამშრომლობის პრაქტიკა გაგრძელდება. სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი“, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა აღნიშნა რელიგიის სააგენტოს წვლილი და ჩართულობა ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებასა და მასპინძლობაში. მან კმაყოფილებით აღნიშნა ფონდის საკონსულტაციო შეხვედრები საპატრიარქოსა და სამუფტოს წარმომადგენლებთან აჭარაში და ხაზი გაუსვა ფონდის აქტივობასა და ახალ გამოწვევებს გაეროს ბავშვთა დაცვის კონვენციის 30-ე წლისთავის ფონზე (საქართველო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა). მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესში რელიგიის სააგენტოს ჩართულობას, რომელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც ახლახან გაფორმდა. ფონდის წარომადგენლები შეხვდებიან ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, რათა ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ბავშვთა უფლებების დაცვის პროცესში: „რელიგიური ლიდერები ძალიან ახლოს არიან თემთან, მათ დიდი გავლენა აქვთ და ამიტომაც ატარებს ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს. ზოგიერთ ქვეყნებში რელიგიას ბოროტებისთვის იყენებენ და ბავშვებსაც რთავენ ამაში. მშვიდობიანი გარემო საქართველოში იმას ნიშნავს, რომ ტოლერანტობა თქვენთვის დამახასიათებელია და ის ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროშიც უნდა იყოს წარმოდგენილი, ამის მაგალითი კი ჩვენი თანამშრომლობაა“ - განაცხადა ღასან ხალილმა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამომოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა პარლამენტის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, „ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსზე“, რომლის შექმნაშიც, ექსპერტებთან ერთად, რელიგიის სააგენტოს, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და თავად ახალგაზრდობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. კოდექსში, უფლებების დაცვის გარდა, ბავშვთა ვალდებულებებიცაა გათვალისწინებული, მათ შორის - რელიგიური ნიშნით ბავშვთა თანასწორობაც. თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კოდექსის მიღების, არამედ მისი აღსრულებისა და საპარლამენტო ზედამხედველობის კომპონენტები.

რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა გამოთქვეს გაეროს ფონდთან თანამშრომლობის სურვილი და აღნიშნეს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ბავშვთა სიღარიბე, განათლება, აღზრდა, დევნილი ბავშვები, უხამსობის, ძალადობის პროპაგანდის შემცველი და ბავშვის ფსიქიკისთვის შეუფერებელი პროდუქციის მავნებლობა და მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს ამ პრობლემის რელიგიათაშორისი ურთიერთობების სიბრტყეში გადმოტანისთვის.

შემაჯამებელ გამოსვლაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 





View Larger Map