დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა გაიმართა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ევანგელურ-პროტესტანტული, სახარების რწმენის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები.
ზაზა ვაშაყმაძემ სათათბიროს წევრებს გააცნო სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხები ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრაზე წამოჭრილ საკითხებზე, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რელიგიური უფლებების დაცვას უკავშირდებოდა. სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ესაა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პენიტენციურ დაწესებულებასთან ურთიერთობისას უნდა იხელმძღვანელონ.
ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს პენიტენციური სამსახურის მხრიდან ოპერატიული რეაგირების გამო.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, ნიკა ცხვარაშვილი, 20 მარტს ინტერრელიგიურ სათათბიროს წევრებს შეხვდა და მათი მოსაზრებები და წინადადებები მოისმინა.