დღეს, თბილისის საკრებულოს შენობაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ სატრენინგო, სასემინარო პროგრამებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულ პირთათვის სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცებასთან დაკავშირებით. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში სამუზეუმო მასალების, ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალების ექსპოზიციას.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ.