ერთი წელი სრულდება რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა რელიგიის სააგენტო, რომლის მიზანია მკაფიოდ და ზუსტად განსაზღვროს სახელმწიფოს დამოკიდებულება სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მიმართ.
15 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის განხილვა შედგა ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში. მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. რამდენადაც დასავლურ სამყაროსა და ევროკავშირთან ინტეგრირება ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების სტრატეგიული პრიორიტეტია, ეს მიზანი კი მიიღწევა დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო განათლების მქონე კადრების აღზრდით, მათ ისაუბრეს უმაღლესი სასწავლებლების ფუნდამენტურ როლსა და მნიშვნელობაზე ამ პროცესში. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული უნივერსიტეტი მიზნად ისახავს არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, არამედ მაღალი სამოქალაქო განათლების მქონე კადრების აღზრდას, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, გამოთქვა თანამშრომლობისათვის მზადყოფნა.
მემორანდუმით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა უნდა იყოს გამჭვირვალე, სარწმუნო და ერთმანეთის ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო და კვლევით პროექტებს, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, ერთობლივ სემინარებსა და ტრენინგ პროგრამებს. მნიშვნელოვანი იყო შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც სააგენტოს შესაბამის სამსახურებში უნივერსიტეტის სტუდენტთა სტაჟირების უზრუნველყოფას შეეხება. შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ითანამშრომლებენ უნივერსიტეტთან რელიგიათმცოდნეობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და შესაბამისი სასწავლო კურსების, ასევე სასწავლო-თეორიული ლიტერატურის შემუშავებაში; ითანამშრომლებენ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო-აკადემიურ და საექსპერტო პროექტების ფარგლებში საერთაშორისო ინსტიტუტებისა და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით.
თანამშრომლობის მემორანდუმზე, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 5 წლით, ქართულ უნივერსიტეტში ხელი მოაწერეს - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.