დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: მართლმადიდებელი ეკლესიის, ლუთერული ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, ეზიდთა თემისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები.
კომისიისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 17 წარდგენილი საკითხიდან 16 დაკმაყოფილდა, ხარვეზი ჰქონდა 1 საკითხს.
კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მიერ წარდგენილ საკითხზე, რომელიც ეხებოდა ქ.თბილისში 5401 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა ნაგებობის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემას.
კათოლიკური ეკლესიის მიერ წარდგენილ ორ საკითხთან დაკავშირებთ კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ეზიდთა სასულიერო საბჭოს თხოვნა და მათ გადაეცათ 350 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
კომისიამ ასევე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ წარდგენილ საკითხზე და მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობაში გადასცა დასავლეთ საქართველოში, სახელმწიფო ბალანსზე არსებული 10 მოქმედი მეჩეთი.
რაც შეეხება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ წარდგენილ ორ საკითხს, კომისიამ ერთი საკითხი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო ერთ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.