დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოსა და სომხეთში ვატიკანის ელჩს, მთავარეპისკოპოს ანტე იოზიკს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
საუბრის ძირითდი თემები იყო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, სააგენტოს მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მოუთხრო ინტერრელიგიური სათათბიროს აქტივობების შესახებ, გააცნო საბჭოთა პერიოდში რელიგიებისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურების მექანიზმი, საკულტო ნაგებობების დაბრუნების პროცესი. სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტები და განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ვატიკანის მხარდაჭერას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
ვატიკანის ელჩმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს საინტერესო და მრავალმხრივი საუბრისთვის, კათოლიკური ეკლესიის მიმართ გაწეული დახმარებისთვის. „ჩვენ საერთო უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე განსხვავება. ყველაფერზე შეიძლება შეთანხმება და მორიგება, მხოლოდ ამას სჭირდება სურვილი და დრო. მჯერა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და კათოლიკური ეკლესია ამ კონდიციამდე მივლენ“ - განაცხადა ვატიკანის ელჩმა. მისი თქმით, საქართველო უძველესი ქვეყანაა, გამორჩეული ღირებულებებით და მისასალმებელია, რომ ქვეყანაში ასე უფრთხილდებიან ტრადიციებს, მათ შორის, ოჯახური ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით, რაშიც სახელმწიფო ეკლესიის გვერდით დგას.
შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ და ინტერრელიგიური კონფერენციის მასალები გადასცა. ელჩი დიდი ინტერესით გაეცნო ალბომებს, გამოთქვა სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი და სამუშაო ფორმატში შესახვედრად ზაზა ვაშაყმაძე საელჩოში მიიპატიჟა.
მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიკი 1967 წელს, ხორვატიაში დაიბადა. მსახურობდა ინდოეთის, რუსეთის, ჩინეთის, ბელორუსის ნუნციატურებში.