მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
აიათოლა სიდიკი საპატრიარქოში
20.03.2017
1 / 6


20 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საქართველოში ვიზიტად მყოფი თეირანის სულიერი ლიდერი  აიათოლა  ქაზიმ სიდიგი და   ირანის  სასულიერო პირთა  დელეგაცია მიიღო.

           საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ორი ერისა და ორი რელიგიის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით ამ ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სარწმუნოებრივი თუ მსოფლმხედველობრივი განსხავავებულობისა,  საქართველო ყოველთვის იყო მშვიდობისმყოფელი სავანე აქ მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანისათვის,  მუსლიმი  თემი კი მრავალეროვანი  ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია: „ ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ერთნაირად ვესწრაფვით მშვიდობიან თანაცხოვრებას. ეს ურთიერთობა და პატივისცემა  კი ჩვენი წარსულიდან, თითოეული მართლმადიდებელი  ქრისტიანის ოჯახიდან მოდის.  მუსლიმანები საქართველოში თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ, ყველა პირობა აქვთ, რომ  ღირსეულად წარმართონ თავიანთი  რელიგიური საქმიანობა“. კათოლიკოს-პატრიარქმა ისურვა, რომ ირანში მცხოვრებ ქრისტიანებსაც ჰქონდეთ  მართლმადიდებლურ ტაძარში ლოცვის  შესაძლებლობა. აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი  მეჩეთია, ირანში კი ერთი მართლმადიდებელი ტაძარი  არ არის, არის რუსული, სომხური,  მაგრამ არ არის ქართული.

            აიათოლა ქაზიმ სიდიგმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ხამნეის მოკითხვა გადასცა  და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთან სტუმრობა. მან ასევე  ისაუბრა მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე  რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის მნიშვნელობასა და  აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ  ტერორიზმს,  სიძულვილსა და  ომს არავითარი კავშირი არ აქვს რელიგიასთან და ამას მართლმადიდებლებიცა და    მუსლიმანებიც  ერთნაირად მიუღებლად მიიჩნევენ.

            ამასთან ერთად, სტუმარმა განსაკუთრებული სითბოთი ისაუბრა მართლმადიდებლების შესახებ,  აღნიშნა, რომ მათი  სწავლებით  ქრისტიანები გულღია, სიყვარულით სავსე ხალხია, რომელთა მიმართაც მუსლიმანები  ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ.  

            ირანის ახლად არჩეულმა ელჩმა საქართველოში სეიდ ჯავად კავამ შაჰიდიმ აღნიშნა საქართველოში არსებული თვალშისაცემი რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ; მოიწონა სახელმწიფოს  გადაწყვეტილება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის შესახებ, რომელიც, რელიგიისადმი ქვეყნის  ხელისუფლების მაღალი ყურადღების დამადასტურებელია და რომლის შექმნაც, სავარაუდოდ, განაპირობებს კიდეც რელიგიათა მშვიდობიან თანაარსებობას ამ ქვეყანაში.

            შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.






View Larger Map