მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ანთიმოზ ივერიელის სამშობლოს რუმინეთის დელეგაცია ეწვია
10.06.2016
1 / 3


საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მოწვევით მყოფი რუმინეთის დელეგაცია, რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო მდივნის, ვიქტორ ოპასკის ხელმძღვანელობით, 9 ივნისს ცნობილი სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწის, ანთიმოზ ივერიელის მშობლიურ კუთხეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს ეწვია.

            რუმინელი სტუმარი წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერში გამართულ ღვთისმსახურებას დაესწრო. სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. ერთობლივ ლიტურგიაში მონაწილეობდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, რუმინელი  მიტროპოლიტი თეოდოსი, რუმინეთის ეკლესიის სასულიერო პირები. წირვას დაესწრნენ: რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დუმიტრუ ბადეა, რუმინეთის  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო მდივანი ვიქტორ ოპასკი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

            მონასტერში შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს რუმინეთის ელჩმა და რუმინეთის რელიგიის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნეს ანთიმოზ ივერიელის (ანთიმ ივერიანუს)-  ქართველი პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწის, მწიგნობრის, მესტამბის, განმანათლებლის განსაკუთრებულ ღვაწლსა და დამსახურებას რუმინეთის სახელმწიფოს წინაშე. ანთიმოზ ივერიელმა, ვლახეთის მიტროპოლიტად ყოფნის პერიოდში, ვლახეთი  მართლმადიდებლობის ცენტრად გადააქცია, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა. თავისი ეპოქის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი, ფლობდა ბერძნულს, რუმინულს, არაბულს, თურქულს, ძველ სლავურს, გათვითცნობიერებული იყო თეოლოგიაში, ბუნებისმეტყველებაში, ლიტერატურაში; ფლობდა ხელოვნების რამდენიმე დარგს, დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებაში. რუმინეთის ეკლესია განსაკუთრებულად აფასებს ანთიმოზ ივერიელის ღვაწლს მღვდელმსახურების რუმინულ ენაზე აღსრულების საქმეში. ანთიმოზ ივერიელი   ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას და დიდი წვლილი შეიტანა ქართული სტამბის დაარსებაშიც. რუმინეთის ოსმალთაგან განთავისუფლებისთვის აქტიური მებრძოლს, ვლახეთის პროთურქი მთავრის ხელშეწყობით, სასულიერო ღირსება აჰყარეს და ვლახეთიდან განდევნეს. სინას მთაზე მიმავალი ანთიმოზ ივერიელი თურქმა ჯარისკაცებმა აკუწეს და ნაწილები მდინარეში გადაყარეს. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა.

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და აღნიშნა, რომ რუმინეთის სახელმწიფო განსაკუთრებულ მადლიერებას იჩენს ქართველი განმანათლებლის ღვაწლის მიმართ და რუმინელებმა ქართველებზე მეტი იციან მასზე და მეტად უფრთხილდებიან მის სახელს.

            რუმინეთის დელეგაციამ მოინახულა ადიგენის ღირშესანიშნაობები, ეწვია ზარზმის მონასტერს.

 






View Larger Map