მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ავტოკეფალიის 100 წლისთავის აღნიშვნა პარლამენტში
28.03.2017
1 / 1


საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო სხდომა და მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს  პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,  წმინდა სინოდის წევრები, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები.

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სიტყვით წარსდგა აუდიტორიის წინაშე - მოხსენების თემა იყო „სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოში“ . გთავაზობთ გამოსვლის სრულ ტექსტს:

           მოგესალმებით  თქვენო უწმიდესობავ,

            ბატონო პრემიერ-მინისტრო,

            ბატონო პრეზიდენტო,

            ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

            პატივცემულო რელიგიების წარმომადგენლებო,

            ქალბატონებო და ბატონებო,

            საქართველოს   მრავალსაუკუნოვანი ისტორია  ქართველი  ხალხის  მუდმივი  ბრძოლაა მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის,  სამშობლოსა და რწმენის დასაცავად.

             ოდითგანვე ეკლესია-მონასტრების დარბევითა და სამღვდელოების განადგურებით იწყებოდა ქართული სახელმწიფოს დასუსტება, რადგან ქართველისათვის სამშობლოს დაცვა  და გაძლიერება ყოველთვის გაიგივებული იყო ეკლესიის დაცვასა და გაძლიერებასთან.

             ამიტომაც  არის  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის   100 წლის იუბილე   ესოდენ მნიშვნელოვანი   და საერთო-სახალხო  დღესასწაული.  

             ნება მიბოძეთ   დღეს   მართლმადიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ამ ურთიერთგანპირობებულობის  რამდენიმე  მნიშვნელოვანი ასპექტი შეგახსენოთ.  

            IV საუკუნის დასაწყისში  ქართლში ქრისტიანობა  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.   ნიშანდობლივია,  რომ   როდესაც  ორი ძლიერი სახელმწიფო -  რომი და სასანიანთა სპარსეთი ერთმანეთს მსოფლიო ბატონობას  ეცილებოდნენ,  ქართველმა ხელისუფალმა  ქრისტიანული რწმენა აირჩია,  რითაც  განსაზღვრა კიდეც  ქვეყნის  შემდგომი  ბედი და მყარად დააკავშირა ქართველი ხალხი და ქართული კულტურა  დასავლურ  ცივილიზაციას.

            ამ ურთიერთობამ განაპირობა სახელმწიფოსა და ეკლესიის კავშირიც.  მოგეხსენებათ, ქრისტიანული სარწმუნოების აღიარების შემდეგ, როგორც რომის იმპერიაში,  ისე    ბიზანტიაში   ხელისუფლება და სასულიერო დასი  მოწოდებული იყო      ურთიერთხელშეწყობისა და ურთიერთგაძლიერებისათვის, ამას კი დიდი სიკეთე მოჰქონდა ქვეყნისათვის.   ასე იყო საქართველოშიც.

             ამ  თვალსაზრისით გამორჩეულია მეფე ვახტანგ გორგასლის  მოღვაწეობა, რომელმაც  ხელი შეუწყო  ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას, საეპისკოპოსოების დაარსებას, პირველიერარქის მმართველობის განმტკიცებასა და  საქართველოს ეკლესიის  დამოუკიდებლობის მოპოვებას.

            ასეთივე სულისკვეთების იყო წმ. მეფე დავით აღმაშენებლისა და წმ. მეფე თამარის ეპოქის მმართველობაც.

             ისტორიას  თუ გადავავლებთ თვალს,   სახელმწიფო   ყოველთვის მაშინ იყო ძლიერი, როდესაც     ეკლესიასა და სახელმწიფოს    შორის    ჰარმონიული ურთიერთობა   სუფევდა.    გაჭირვების   ჟამს,  როდესაც სახელმწიფო  სუსტდებოდა, ეკლესია ტვირთულობდა   ქვეყნის ჭაპანს  და, პირიქით, ეკლესიის დასუსტების პერიოდში,  სახელმწიფო ეხმარებოდა მას  გაძლიერებაში.               ყოველ ნგრევას კვლავ   შენება  მოჰყვებოდა და   ყოველი  შენება  ეკლესია-მონასტრების   აღდგენით იწყებოდა.    შემდგომშიც    ქართლის   მეფეები,   უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეკლესიის  ძლიერებასა   და  განვითარებაზე ზრუნავდნენ.    

            თავის მხრივ, განუზომლად დიდია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოს განვითარებასა და  განმტკიცებაში. ქრისტიანობას უკავშირდება პირველი საგანმანათლებლო კერები საქართველოში, ქართული ენის სამწერლობო ენად ქცევა, მეცნიერებისა და კულტურის განვითარება, მთარგმნელობითი საქმიანობა და ა. შ.

            ქართული  სახელმწიფოსა   და   ეკლესიის    დამოუკიდებლობის ბედიც მჭიდროდ  დაუკავშირდა   ერთმანეთს : 

            1801 წელს  რუსეთის  იმპერიამ გააუქმა  ქართული სახელმწიფოებრიობა, 1811 წელს კი  კანონიკური სამართლის უხეში დარღვევით  - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

            ნიშანდობლივია,  რომ       1917  წლის  25 მარტს აღდგა  საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა,  ერთი წლის შემდეგ კი  - საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

            მართალია, კომუნისტურმა რეჟიმმა თავისი დაღი დაასვა ორივე ინსტიტუციას, მაგრამ ქართველი  ხალხის სწრაფვამ დამოუკიდებლობისაკენ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის  დაუღალავმა  შრომამ აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და  1990 წელს  კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ  სცნო  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 1991 წლის 9 აპრილს  აღდგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რომლის მოპოვებაშიც  აქტიური მონაწილეობა  მიიღო   საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

            აღსანიშნავია, რომ  ქვეყანაში მართლმადიდებელი ეკლესიის დომინანტური მდგომარეობის  მიუხედავად, ქართული სახელმწიფო ყოველთვის გამოირჩეოდა  ტოლერანტობითა და განსხვავებული მრწამსის მქონეთათვის  აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფით.

            ეს აისახა კიდეც დამოუკიდებელი საქართველოს ახალ კონსტიტუციაში, რომელშიც ვკითხულობთ:

1. ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსაგან;

2. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას;

3.  სახელმწიფო აღიარებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის  განსაკუთრებულ   როლს საქართველოს ისტორიაში.

            დღეს საქართველოს სახელწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის ურთიერთობა   ხორციელდება  კონსტიტუციური   შეთანხმებით,   რომელიც 2002  წლის  14 ოქტომბერს  სვეტიცხოვლის     საპატრიარქო ტაძარში გაფორმდა და ამით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ  სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას   აღიარებს ჩვენი  ქვეყნისათვის ისტორიულად არსებული განსაკუთრებული ფუნქციისა და მნიშვნელობის მქონე სუბიექტად,   რაც სხვა რელიგიურ   გაერთიანებებს  არ აკნინებს, რადგან  დღეს იურიდიულად ყველას ერთი მდგომარეობა აქვს: რელიგიურ გაერთიანებებს  შეუძლიათ  დარეგისტრირდნენ იმავე სტატუსით, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია   აქვს - ანუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

            კონსტიტუციური შეთანხმება შეესაბამება  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ  პრინციპებს,  თუმცა   შევნიშნავთ  იმასაც,  რომ  არ არის   დასრულებული როგორც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის  ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბება, ისე სხვა რელიგიებთან საქმიანობის მომწესრიგებელი აქტების შექმნის პროცესი.

            დაბოლოს,   ყველას გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს და სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც წარმატებას   ვუსურვებ  ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.  

                       

            გმადლობთ.






View Larger Map