მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ახალი გამოცემის - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია
30.06.2021
1 / 9


30 ივნისს, 17 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის  საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული გამოცემის - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.

            გამოცემაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სრულად არის ასახული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში, არსებული მართმადიდებლური და რელიგიური უმცირესობების ისტორიულ-კულტურული ძეგლები (საარქივო და ახალი ფოტო მასალა).

სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ  ახალმა გამოცემამ თავი მოუყარა ყველა იმ ფაქტს, რის თაობაზეც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შექმნის დღიდანვე, ყველა ანგარიშსა თუ სხვა დოკუმენტში მიუთითებდა და მიუთითებს - კერძოდ, ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობისა თუ თანამედროვე რელიგიური ნაგებობების სავალალო მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან მოიყვანა კონკრეტული ფაქტები, როცა ოკუპირებულ ტეერიტორიებზე არსებულ ჩვენს ძეგლებს ანგრევენ, არბევენ, ძარცვავენ, აზიანებენ, ცდილობენ ქართული კვალის წაშლას. რუსეთის საპატრიარქო სიტყვიერად აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, თუმცა, ამის მიუხედავად, გრძელდება რუსეთისა და რუსული ეკლესიის მხრიდან საეკლესიო (კანონიკური) საზღვრების დარღვევის ფაქტები.

„ალბომში „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პირველად იხილავთ ერთად თავმოყრილ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საკულტო ნაგებობებს, აბსოლუტური უმრავლესობის ფოტო პირველად ქვეყნდება და უნიკალურ საარქივო მასალას წარმოადგენს. შავ-თეთრი ფოტომასალა მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებშია გადაღებული და პირველად ქვეყნდება. ფერადი ფოტოები კი 2019 წელს. ახალი ფოტო-ფაქტები საარქივო ფოტოებთან ერთად, შედარებისა და ობიექტური დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა“- განაცხადა ზ. ვაშაყმაძემ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, აფხაზეთის ა.რ. შერიგების საკითხებში მინისტრი დავით ფაცაცია.

პრეზენტაციის დასასრულს, სტუმრებს წიგნი საჩუქრად გადაეცათ.