დღეს, 2 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, გაიმართა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ევანგელური ალიანსი. ღონისძიებაში მონაწილეობენ აჭარაში მოქმედი ევანგელური ეკლესიები და საქართველოს ევანგელურ ალიანსში შემავალი კონფესიები, ქრისტიანი ღვთისმსახურები და მრევლი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების როლს ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაში და ხაზი გაუსვა ამ მიმართებით რელიგიის სააგენტოს როლს.