მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ბორჯომში რელიგიის სააგენტოსა და იუნისეფის ერთობლივი სემინარი მიმდინარეობს
01.11.2021
1 / 6


რელიგიურ ლიდერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, დღეს, ბორჯომში, სასტუმროში „ბორჯომი ლიკანი“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით, გაიხსნა სემინარი „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“, რომლის მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში რელიგიური ლიდერების როლისა და მნიშვნელობის ზრდა.

სემინარს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. მთავარი თემებია: გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, ბავშვის უფლებები სხვადასხვა რელიგიაში და რელიგიური ლიდერების როლი მათი დაცვისა და ხელშეწყობის საკითხში. 

სემინარი გახსნეს და შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი რომლებმაც ხაზი გაუსვეს სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში.

სემინარის პირველი შეხვედრის განხილვის თემებია: გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია (და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი, ფონდის ბავშვთა დაცვის სპეციალისტი, თეონა კუჭავა); ბავშვთა განვითარების საფეხურები, ძალადობის გავლენა ბავშვთა განვითარებაზე;  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში დეპრესიული მდგომარეობის, ბრაზის/შფოთვის და თვითმკვლელობის პრევენციის მიზნით; აზარტული თამაშების პრევენცია ახალგაზრდებში (ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის სპეციალისტი ნონა ციხელაშვილი).

ბავშვის უფლებების პოპულარიზაციის, ბავშვის კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში რელიგიური ლიდერების როლი, მნიშვნელობა და შესაძლებლობები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო. რელიგიის სააგენტომ შუამავლის ფუნქცია იკისრა რელიგიურ ორგანიზაციებსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს  საქართველოში ბავშვთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას. 

2019 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ  და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობამ საქართველოში,  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შედგა ორი რელიგიური ორგანიზაციის, საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლების შეხვედრა და სემინარი UNICEF-თან. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ასევე, გაიმართა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგანგებო კონფერენცია, რომლის მთავარი თემები იყო გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, ბავშვის უფლებები სხვადასხვა რელიგიაში და რელიგიური ლიდერების როლი მათი დაცვისა და ხელშეწყობის საკითხში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის სემინარი მუშაობას ხვალაც გაარძელებს.






View Larger Map