დღეს, 3 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, გაიმართა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგანგებო კონფერენცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, პარლამენტისა და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
კონფერენციის მთავარი თემები იყო - გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, ბავშვის უფლებები სხვადასხვა რელიგიაში და რელიგიური ლიდერების როლი მათი დაცვისა და ხელშეწყობის საკითხში.
კონფერენცია გახსნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ რელიგიის სააგენტო „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ კანონპროექტზე მუშაობის პროცესშივე ჩაერთო და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გაითვალისწინა სააგენტოს წინადადებები. მან განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვების უფლებებს, რომელთაც აკრძალული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, პრობლემურია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გაუმართავია სამედიცინო სერვისების სისტემა და ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანი პრობლემაა ბავშვთა სიღარიბე, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით, ზაზა ვაშაყმაძე. ახალი ინციატივით გამოვიდა: „რელიგიური ლიდერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაგრძელდება სემინარები სასულიერო პირებისათვის და საქართველოს მასშტაბით, ყველა რელიგიურ თემს მოიცავს; იუნისეფს, რელიგიურ ორგანიზაციებსა და დამსწრე საზოგადოებას ვთავაზობთ, მეხუთე ინტერრელიგიური კონფერენცია გაიმართოს ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე. კონფერენციაზე წაკითხული თემები გამოიცემა; იუნისეფის ჩართულობითა და რელიგიების მონაწილეობით შევიმუშაოთ, განვიხილოთ და მივიღოთ ბავშვთა უფლებების დაცვის დეკლარაცია“.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ რელიგიურ ლიდერებთან პარტნიორობას და გვსურს, ეს თანამშრომლობა ბავშვებისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი იყოს”, აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. „ჩვენ ღია და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი წამოვიწყეთ ყველა რელიგიურ დენომინაციასთან, რათა მათი გავლენა მიმართული იყოს ბავშვის უფლებათა დასაცავად. რელიგიურ ლიდერებს შეუძლიათ აღკვეთონ საზოგადოებაში ბავშვის უფლებების დარღვევა, როგორიცაა მაგალითად, ბავშვთა მიმართ ძალადობა. გაეროს ბავშვთა ფონდი შეეცდება გააღრმავოს რელიგიურ დენომინაციებთან პარტნიორობა ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად,“ განაცხადა დოქტორმა ხალილმა.
კონფერენციის სტუმრებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მნიშვნელობას ქვეყნისთვის ისაუბრა ბავშვთა უფლებებზე, საქართველოში ბავშვთა მდგომარეობაზე, რელიგიური ლიდერების როლზე ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და ხაზი გაუსვა გაეროს ბავშვთა ფონდისა და რელიგიის სააგენტოს ერთობლივ საქმიანობას კოდექსზე მუშაობის პროცესში.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელი, მამა გიორგი ფირცხელანი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთაძე, სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი, მარკუს შოხი.
დისკუსიაში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა რელიგიური ლიდერების მნიშვნელოვანი როლი ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებში და მათი შესაძლებლობები ბავშვის უფლებების პოპულარიზაციის, ბავშვის კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში. ამ კუთხით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზრდება.