27 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა ქართულ-აზერბაიჯანული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფოს როლი ინტერრელიგიურ დიალოგში“.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვებით მიმართეს: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, აზერბაიჯანის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, მუბარიზ გურბანლიმ, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში, ფაიგ გულიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მუფტმა სალმან მუსაევმა, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფრისმა, დავით დავითაშვილმა, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იგიდოვმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რელიგიის როლზე თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, ინტერრელიგიური დიალოგის აუცილებლობაზე და სახელმწიფოს როლზე ინტერრელიგიურ დიალოგში.
კონფერენციის მეორე პანელი მიეძღვნა ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავს. პანელის მონაწილეებმა ისაუბრეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის როლზე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ფორმირებაში. პანელი შეაჯამეს ზაზა ვაშაყმაძემ და მუბარიზ გურბანლიმ. ამით კონფერენციამ მუშაობა დაასრულა.