საქართველოს ყველა ტაძარში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა -მართლმადიდებელი ქრისტიანები განკაცებული მაცხოვრის დაბადებას ზეიმობენ. საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ, სასულიერო პირებსა და მრევლს შობა მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულმა კოორდინატორებმა.
ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) აღავლინა. საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი აჭარაში, აბესალომ ასლანიძე.
სამცხე-ჯავახეთში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საშობაო ლიტურგიას ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა. საზეიმო მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძე ესწრებოდა.
რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დავით დვალიშვილი უძღვებოდა. ტაძარში იმყოფებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევი და მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.