დღეს, სოფელ ვალეს ღვთისმშობლის შობის კათოლიკურ ეკლესიაში ნათლისღების ლიტურგია გაიმართა, რომელსაც ტაძრის მოძღვარი, მამა მიხეილ სურმავა უძღვებოდა. საზეიმო წირვას ესწრებოდნენ ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური და რელიგიის სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის კოორდინატორი, ელვარდ ზაზაძე.
ლიტურგიის დასრულების შემდგომ, ტაძრის მოძღვარმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანადგომისა და ყურადღებისთვის, რომელსაც იგი კათოლიკური ეკლესიის მიმართ იჩენს, კერძოდ - covid-19-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით.
ვატიკანის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ბეტანკურმა, სიტყვით მიმართა მრევლს, მიულოცა დღესასწაული, ასევე, ხაზი გაუსვა რელიგიის სააგენტოს მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა სამცხე- ჯავახეთის კოორდინატორს, ელვარდ ზაზაძეს იმ თანადგომისათვის, რომელსაც იგი იჩენს კათოლიკური ეკლესიისა და მრევლის მიმართ.
რელიგიის სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ, ნათლისღება მიულოცა სასულიერო პირებსა და ტაძარში მყოფ მრევლს. დასასრულ, ვატიკანის ელჩმა რელიგიის სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი სადილზე მიიწვია.