მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
პრაღის კონფერენციაზე საქართველოს ოკუპაციის თემა გაჟღერდა
12.11.2026
1 / 3


დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, გაიხსნა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის კონფერენცია „ერთობლივი ქმედება გახლეჩილ მსოფლიოში: მდგრადობისა და ერთიანობის გაძლიერება თემებში და თემებს შორის“.

რელიგიის და რწმენის თავისუფლება; რელიგიათაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგი; ონლაინ სივრცეში მზარდი რელიგიურi შეუწყნარებლობა, ანტისემიტიზმი, დისკრიმინაცია და ექსტრემიზმი; რელიგიისა თუ რწმენის თავისუფლება და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრაქტიკული გადაწყვეტილებები; რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მნიშვნელობა, ინსტრუმენტალიზაცია, ახალი იდეები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები - ასეთია კონფერენციის ძირითადი თემატიკა.

ევრაზიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე: კოორდინაცია, რეგიონული რეალობები და საერთო პრიორიტეტები - სიტყვით გამოვიდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ მაჭარაშვილი. გამოსვლა შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა საქართველოს რელიგიური პოლიტიკა საბჭოთა პერიოდში და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ქვეყნის ხელისუფლების თანადგომა რელიგიური თემებისადმი, რეგისტრაციის პრაქტიკა და ტოლერანტული გარემო.

 გამოსვლის ძირითადი ნაწილი დაეთმო რელიგიური უფლებების პერმანენტულ დარღვევებს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გამომსვლელის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ქართველ მოსახლეობას ჩამორთმეული აქვს მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების, გადაადგილების, განათლების მიღების, წინაპრების საფლავების მონახულების უფლება. აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გამოდევნილნი არიან მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ინგრევა ქართული მართლმადიდებლური ტაძრები, შლიან ქართველთა ეთნიკურ კვალს, ებრძვიან ქართულ იდენტობას: „ქართველ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს რელიგიური მსახურების მიზნით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლებაც კი არ აქვთ. მაშინ, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში, ოკუპაციის კანონის ფარგლებში გადადიან, საკუთარ მრევლს ხვდებიან და რელიგიურ მსახურებას აღასრულებენ სხვადასხვა რელიგიის სასულიერო პირები და ეს რასაკვირველია, მისასალმებელია, პოლიტიკური კონფლიქტის მიუხედავად, ადამიანებს უნდა მიეცეთ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. უკიდურეს აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამგვარი უფლებით არ სარგებლობენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი მართლმადიდებლები. ეს არის ეთნიკურ-რელიგიური დისკრიმინაცია და სეგრეგაცია მხოლოდ ქართველი მართლმადიდებლების, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურთა მიმართ“- განაცხადა ვლადიმერ მაჭარაშვილმა.

გამოსვლების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი რეგიონული საკითხები, როგორიცაა  დიალოგისა და კოორდინაციის ფორმატი ევრაზიის ქვეყნებსა და პარტნიორებს შორის, რელიგიური თემების დაცვა, რეგიონული თანამშრომლობა, საერთო გამოწვევები და პრაქტიკული თანამშრომლობის შესაძლებლობები.






View Larger Map