თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ. სააგენტო, 2018 წლიდან, სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად, ეხმარება სკოლის მოსწავლეებს. ამჯერად, სააგენტოს თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად გამართეს. სკოლის მოსწავლეებს მათ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი 2024 წლის ინტერ-რელიგიური კალენდარი, ძველი აღთქმის მეხუთე კანონიკური წიგნი „მეორე რჯული" და თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიისგან (წინამძღვარი, პასტორი ჩარლზ ჰობლიცი) 45 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს. სკოლაში 43 უსინათლო მოსწავლე სწავლობს როგორც თბილისიდან, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ მარიამ მიქიაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს დახმარებისთვის.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.