დღეს მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული არქივის IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ თემაზე - „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“, რომელიც წმ. ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციის მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება და ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარებაა.
კონფერენციაზე მოხსენებით „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ (შსს არქივის მონაცემების მიხედვით) გამოვიდა პროექტის ხელმძღვანელი, რელიგიის სააგენტოს ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე. მოხსენება წარმოადგენდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ დაფინანსებულ 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის პროექტის - „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში (შსს არქივის მონაცემების მიხედვით)“ მიმოხილვას, რომელიც ხორციელდება რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით.
თემა ითვალისწინებს მკვლევართა ჯგუფის მიერ საქართველოში, საბჭოთა პერიოდში (1921-1991 წლებში) რელიგიური ნიშნით განხორციელებული რეპრესიების და რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ ჩატარებული კვლევის გაშუქებას. დამუშავდა ინფორმაცია იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომლებიც სასჯელის სამი კატეგორიით იქნენ დასჯილნი - დახვრეტილები, პატიმრობამისჯილები და გადასახლებულები.
მიმდინარე პროექტში მონაწილეობას იღებს მკვლევართა ჯგუფი: ზვიად ტყაბლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი პატაშური (პროექტის კოორდინატორი), ზაზა ვაშაყმაძე, სერგო ფარულავა, აბესალომ ასლანიძე, მარინე მაზმიშვილი, დავით დავითაშვილი, ბადრი ჩერქეზიშვილი და ლალი ეხვაია.