მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ ფოტოალბომი - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ წარადგინა
04.06.2024
1 / 22


დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ფოტოალბომის „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რელიგიური ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

            პრეზენტაცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

            შეკრებილთ სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ფოტოალბომში წარმატებით ასახული საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და მადლობა გადაუხადა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტოლერანტული გარემოს მხარდაჭერისთვის: „ამ პროექტს აქვს ძალიან მაღალი ღირებულება და ეს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ტრადიციის - რელიგიური შემწყნარებლობის, ერთობლივი თანაცხოვრების კულტურის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ალბომი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა, რაც კონფესიათა შორის თანამშრომლობის არაჩვეულებრივი გამოვლინებაა“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

            პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მაღალი შეფასება მისცა რელიგიის სააგენტოს ახალ პუბლიკაციას და ხაზი გაუსვა სხვადასხვა რელიგიების მშვიდობიან თანაარსებობას ჩვენს ქვეყანაში: „ამ წიგნის სახით ჩვენ გვაქვს განძი, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ინფორმაციისა და მშრალი ფაქტების  არქივი. ეს არის  ჩვენი ერთობის და ამ ერთობაში გასაოცარი მრავალფეროვნების დასტური, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა თანაარსებობის უმნიშვნელოვანესი  გამოვლინება. ეს ალბომი არის ძლიერი შეხსენება იმისა, რაც გვაერთიანებს. ის გვეუბნება, რომ ჩვენს მრავალფეროვნებაშია ჩვენი ძალა, რომ საქართველოს ჭეშმარიტი არსი ურთიერთპატივისცემაშია, რომ საკუთარი რწმენის სიყვარული არათუ ამცირებს სხვების პატივისცემას, არამედ პირიქით, უფრო მისაღებს ხდის მას განსხვავებულობის მიუხედავად“.

პრეზენტაციის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს მისასალმებელი წერილი გააცნო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე): „ეს არის ოცდამეერთე საუკუნის პირველი მეოთხედის ჩვენი ქვეყნის ერთგვარი სულიერი ფოტომატიანე. საქართველო ოდითგანვე გამორჩეულია შემწყნარებლობით, რასაც მოწმობს მართლმადიდებლურ ქვეყანაში სხვა რელიგიების არაერთი საკულტო ნაგებობის არსებობა. მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს. შევთხოვ ღმერთს, მშვიდობითა და ერთობით აკურთხოს ჩვენი მოსახლეობა და სრულიად საქართველო“ - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ სიმბოლური უწოდა ფაქტს, რომ ფოტოალბომი რელიგიის სააგენტოს არსებობის 10 წლისთავზე დაიბეჭდა: „ეს გამოცემა ფაქტობრივად, არის მატიანე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა, არის გამოვლინება იმ ტოლერანტული გარემოსი, რომლითაც საქართველო ყოველთვის ამაყობდა და იამაყებს მუდამ“ - აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ და მოწვეულ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ახალ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში საბჭოთა პერიოდში (1921-1991 წწ.) რელიგიური ნიშნით სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული რეპრესიების ფაქტების შესწავლას და რეპრესირებული სასულიერო პირების გამოვლენას.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ფოტოალბომი „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, რომელიც კარგი საჩუქარი იქნება რელიგიის სფეროს სპეციალისტებისთვის და ამ თემით დაინტერესებული პირებისთვის.






View Larger Map