მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ კაპელანური მსახურების თემაზე გამართულ შეხვედრას უმასპინძლა
13.10.2022
1 / 11


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა კაპელანური მსახურების მსოფლიო პრაქტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით.

შეხვედრა გახსნა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებში, სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობის შედეგად, ჩამოყალიბდა კაპელანური მსახურება. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს აქტიურ ჩართვას ამ პროცესებში. მით უფრო, რომ რელიგიის სააგენტომ შექმნისთანავე დაიწყო  საკითხზე ფიქრი და 2015 წელს ხელშეკრულება გააფორმა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, რომლის მიზანსაც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელებითვის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ, ამ მიზნის მისაღწევად, სააგენტოს თავმჯდომარე, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა წმ. მიქაელის კოლეჯში კაპელანების პროგრამის ხელმძღვანელობასა და შესაბამის თემებზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს.

შეხვედრაზე, სახარების რწმენის ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, გურამ იმერლიშვილმა, დამსწრეთ წარუდგინა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული პოლიციის უფროსი კაპელანი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი 2020-2022 წლებში, პასტორი პავლო ცარევსკი, რომელმაც მოწვეულ რელიგიურ ლიდერებს უკრაინელთა გამოცდილება გაუზიარა. სტუმარმა წარმოადგინა ვრცელი პრეზენტაცია და განმარტა ის მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია, რაც კაპელანს აკისრია სამხედრო, სამართალდამცავ სტრუქტურებში, სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სფეროში. მისი თქმით, კაპელანები, სხვა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, მონაწილეობენ არა მხოლოდ ჯარისკაცების, პოლიციელების, პატიმრების, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისა და ექიმების პრობლემების გადაწყვეტაში, არამედ მათი ოჯახების წევრებსაც აქტიურად ეკონტაქტებიან, რითაც სტრესულ სამსახურეობრივ გარემოში მყოფ თანამშრომლებს ოჯახური პრობლემების გადაწყვეტაშიც ეხმარებიან.

ვრცელი და საინტერესო პრეზენტაციის შემდგომ, შედგა ონ-ლაინ ჩართვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და უკრაინიდან.  კანადის კაპელანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბრიუს ივანიშინმა, ტორონტოს პოლიციის კაპელანმა, პასტორმა ჰილარ ალკოკმა, ღვთისმშობლიოს ეკლესიის ღვთისმსახურმა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კაპელანმა, გრეგ იანგმა, უკრაინის ეროვნული პოლიციის ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პოლიციის პოლკოვნიკმა რუსლან გორიაჩენკომ, უკრაინის კაპელანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პასტორმა იაროსლავ მალკოვმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საკუთარი გამოცდილება და კონკრეტული მაგალითების დემონსტრირებით, ისაუბრეს კაპელანის სამსახურის როლსა და ფუნქციაზე. დასასრულს, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კაპელანებს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის  ადმინისტრაციის, ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, სახარების რწმენის ეკლესიის, ეზიდთა  სასულიერო საბჭოს, ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.






View Larger Map