შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინკლუზიური ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შეიმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა 2021 წლისთვის. დოკუმენტის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებზე დაყრდნობით, გამოკვეთოს ის პრიორიტეტული მიმართულებები და ღონისძიებები, რომელიც 2021 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ტრენინგებს: შშმ პირთათვის
რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ; საქართველოში მოღვაწე რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებისათვის - შშმ პირთა უფლებების შესახებ; რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ შშმ პირთათვის სპეციალური გამოცემების (ბრაილის შრიფტით) შექმნას. გეგმა ეყრდნობა გაეროს კონვენციას „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“, საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს კანონს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. დოკუმენტი დამუშავდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, პრინციპის - „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“ აღსრულების მიზნით. იგი წარედგინება შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შშმ თემის წარმომადგენლებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური შემწყნარებლობის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების აღიარების დამკვიდრებასა და პატივისცემას და რელიგიის სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.