მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
23.05.2025
1 / 2


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის (USCIRF) თავმჯდომარეს, სტივენ შნეკს, კვლევისა და პოლიტიკის მიმართულების დირექტორს, გილერმო კანტორის და პოლიტიკის ანალიტიკოსს, დილან შექსნაიდრის შეხვდა. აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისია (USCIRF) არის ორგანიზაცია, რომელიც ანგარიშებს ამზადებს აშშ-ის კონგრესისა და პრეზიდენტისთვის, რათა მათ რელიგიური თავისუფლების პოლიტიკის დაგეგმვაში დაეხმაროს.

ზაზა ვაშაყმაძემ საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის წარმომადგენლებს გააცნო ადამიანის უფლებებისა და რელიგიის თავისუფლების კუთხით ქართული სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები, კერძოდ: რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკულტო ნაგებობების გადაცემის პრაქტიკა; ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება; ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობა, რომელიც ქვეყნის მთელ რელიგიურ სპექტრს აერთიანებს და ყველაზე ეფექტური საშუალებაა როგორც სახელმწიფოსთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ისე რელიგიურ ორგანიზაციებს შორის აქტიური თანამშრომლობისთვის.

ზაზა ვაშაყმაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციის, ადამიანის უფლებების დარღვვის, მათ შორის, რელიგიური უფლების დარღვევისა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეკლესია-მონასტრებზე ქართული კვალის წაშლის ფაქტებზე. სააგენტოს თავმჯდომარე შეეხო, ასევე, ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოგებულ პროცესებს და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანის აუცილებლობას.

სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე, აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ, აშშ-ის მთავრობისთვის, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების საკითხებზე მომზადებულ რეკომენდაციებსა და სხვადასხვა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშებში, საქართველოს შესახებ ინფორმაციის ობიექტურად ასახვასა და ამ კუთხით, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე.

მასპინძლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მიწოდებული ინფორმაციისთვის. კომისიის თავმჯდომარემ, სტივენ შნეკსმა კი გამოთქვა შემდგომი კომუნიკაციის გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი. მანვე აღნიშნა, რომ კომისია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებით ფატქების მიწოდების შემთხვევაში,  მათ აუცილებლად ასახავს ყოველწლიურ ანგარიშებში.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ მასპინძლებს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ და „რელიგიები საქართველოში“ გადასცა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველი, სანდრო ინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ალექსანდრე შეყილაძე.






View Larger Map