რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თურქეთის რესპუბლიკის მთვარ აუდიტორს (ომბუდსმენს), შერეფ მალქოჩს შეხვდა. მალქოჩი, ომბუდსმენად არჩევამდე, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ერდოღანის მთავარი მრჩეველი და თურქეთის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
საუბრის დასაწყისში, ომბუდსმენმა გასულ წელს საქართველოში ვიზიტი გაიხსენა: „საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა, დიდი გულით“ - აღნიშნა მან და გამოხატა პატივისცემა რელიგიის სააგენტოს მიმართ.
სააგენტოს თავმჯდომარემ თურქეთის ომბუდსმენს გააცნო საქართველოს რელიგიური შემადგენლობა და სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა. სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო აფასებს და ხელს უწყობს ქართული ისლამის ერთიანობას. მან ისაუბრა საქართველოში რელიგიების ფინანსური დახმარების, მათ შორის, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებისა და საკულტო ნაგებობების დაბრუნების შესახებ, მისი თქმით, მუსლიმ თემს დაუბრუნდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 237 მეჩეთი. მან, ასევე, აღნიშნა სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს როლი და რელიგიურ ლიდერებს შორის ტოლერანტული და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა.
სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობას, აღნიშნა, რომ ქართველ და თურქ ხალხს მსგავსი ღირებულებები აქვთ, მათ შორის, საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის მიმართ.
თურქეთის რესპუბლიკის მთავარი აუდიტორის თქმით, ქრისტიანულ ქვეყანაში მუსლიმთა უფლებები ისე დაცული, როგორც საქართველოშია, სხვაგან არ არის. იგი, ასევე, დაინტერესდა ქართულ და სომხურ მართლმადიდებლობას შორის განსხვავებით. „ქვეყნის სტაბილურობისთვის რელიგიის სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვანია და რელიგიის თავისუფლების ასეთი ხარისხით საქართველო გამორჩეული და მოწინავე ქვეყანაა. თავისუფლება, მით უფრო რელიგიის თავისუფლება - მშვიდობის გარანტია“ - აღნიშნა მან.
შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი. დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მზაობა.