მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს კომენტარი „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებით
25.05.2021
1 / 1


საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა განვრცობილი ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, რომელშიც ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის 29 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დემოკრატიის დონეა შეფასებული. ანგარიშში რელიგიის თავისუფლების ნიშნით არაერთი უზუსტობაა, კერძოდ:

  • საქართველოს კონსტიტუცია და ყველა შესაბამისი კანონი ცალსახად ადგენს რელიგიებს შორის თანასწორუფლებიანობას და ნებისმიერ უნიკალურ პრივილეგიებზე საუბარი ერთი რომელიმე რელიგიის სასარგებლოდ, სიცრუეა.
  • COVID-19 -თან დაკავშირებული შეზღუდვები არ შეხებია რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, ყველა რელიგიამ და მრევლმა ინდივიდუალურად, თავად გადაწყვიტა რელიგიურ მსახურებაზე დასწრება/არ დასწრების საკითხი.
  • რაც შეეხება რელიგიური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებებს, საქართველოში მოქმედი თითქმის, ყველა რელიგიური გაერთიანება არის სააგენტოსთან არსებული ინტერ-რელიგიური სათათბიროს წევრი. დისკრიმინაციისა და მტრული დამოკიდებულების მცდარი ბრალდება არ ასახავს საქართველოში არსებულ ზოგად ტოლერანტულ გარემოს, რადგან რელიგიური უმცირესობები სარგებლობენ აღმსარებლობის სრული თავისუფლებით,  აქვთ სრული თავისუფლება, ააშენონ თავიანთი საკულტო ნაგებობები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, და არ განიცდიან საკულტო ნაგებობების სიმცირეს. იხილეთ სტატისტიკა - საქართველოში ცხოვრობს:
    • 3 097 573 მართლმადიდებელი ქრისტიანი, ფუნქციონირებს 2 001 მოქმედი საკულტო ნაგებობა (1 548 მორწმუნეზე - 1 საკულტო ნაგებობა);
    • 398 677 მუსლიმი – 277 მოქმედი მეჩეთი (1 439 მორწმუნეზე - 1 საკულტო ნაგებობა);
    • 109 041 სომხურ-სამოციქულო ეკლესიის წევრი - 58 საკულტო ნაგებობა (1 880 მორწმუნეზე - 1 საკულტო ნაგებობა);
    • 19 195 კათოლიკე - 31 მოქმედი საკულტო ნაგებობა (619 მორწმუნეზე - 1 საკულტო ნაგებობა);
    • 1 417 იუდეველი - 19 მოქმედი სინაგოგა (74 მორწმუნეზე - 1 საკულტო ნაგებობა);
    • 12 395 იეჰოვას მოწმე - 89 საკულტო ნაგებობა (139 მორწმუნეზე - 1 საკულტო ნაგებობა);
    • 3 949 სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები - 42 სხვადასხვა კონფესიის მოქმედი საკულტო ნაგებობა (94 მორწმუნეზე - 1 საკულტო ნაგებობა). ასე რომ, რეალური ვითარება ანგარიშში აღნიშნულისგან მკვეთრად განსხვავდება, მეტიც, აღნიშნული სტატისტიკა საწინააღმდეგო სურათს აჩვენებს - 1 სულ მოსახლეზე ტაძრების რაოდენობით, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები უკეთეს პირობებში არიან.
  • რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან დაცულობის განცდას, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები სრულად უზრუნველყოფენ რელიგიური გაერთიანებების უსაფრთხო საქმიანობას; აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს,  საქართველოს მთავრობის  განკარგულება №2632 ის შესაბამისად,  ცვლილება შევიდა 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში და კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ  პრიორიტეტულ  პირთა ნუსხას დაემატა  „სხვადასხვა რელიგიურ კონფესიათა მსახურები“. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით,  PCR  ტესტირება უტარდებათ მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა კათოლიკური ეკლესიის, ებრაული თემის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ბაპტისტური  ეკლესიების კავშირისა და კათოლიკური ეკლესიის ასეულობით სასულიერო პირს. ტესტირებას სახელმწიფო აფინანსებს და ეს პროცესი გრძელდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სააგენტოს თანამშრომლები მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ. საქართველოს ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ პროტესტანტული, სახარების რწმენის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიისა და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები covid -19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.