მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს შეხვედრა მოლდოვას კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსთან
22.01.2022
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე მოლდოვას კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსს, ანტონ კოშას ეწვია. 

ზაზა ვაშაყმაძემ ეპისკოპოსს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული რელიგიური ვითარების შესახებ, მოუთხრო რელიგიის სააგენტოს საქმიანობაზე და საქართველოში მცხოვრები კათოლიკური თემის, სახელმწიფოსა და კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობის თაობაზე. სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა თბილ ურთიერთდამოკიდებულებას კათოლიკური ეკლესიის ცენტრთან და სიამაყით გაიხსენა გამოჩენილი ქართველი კათოლიკეები, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ქვეყნის ისტორიაში.

შეხვედრისას გაირკვა, რომ მოლდოვას კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი, ანტონ კოშა, საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრატორის, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს ახლო მეგობარია. მან სინანული გამოთქვა, რომ მოლდოვაში არ არსებობს საქართველოს მსგავსი პრაქტიკა - ზიანის ანაზღაურების კომპენსაცია მთავრობის მიერ ან ფინანსური დახმარების რაიმე სხვა ფორმა. ეპისკოპოსმა მოიწონა ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატი და თქვა, რომ იგი მისთვისაც მისაღებია. მანვე აღნიშნა, რომ მოხარული იქნებოდა, მოლდოვაში რელიგიის სააგენტოს მსგავსი უწყება რომ არსებობდეს, რომელთან პირდაპირი ურთიერთობით შესაძლებელი გახდებოდა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე კი, კათოლიკურ ეკლესიას, სამწუხაროდ, სახელმწიფოსთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს - თქვა მან.

ეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს დელეგაციას ვიზიტისთვის. შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ ეპისკოპოსს საჩუქრად გადასცა სააგენტოს პუბლიკაცია - „ოკუპირებული მემკვიდრეობა” და განმარტა, რომ ეს წიგნი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადასცა რომის პაპს, ფრანცისკეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მამუკა ქურასბედიანი, პირველი მდივანი (საკონსულო ფუნქციების შემსრულებელი), მიხეილ ჩხეიძე,  რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და პროტოკოლის მენეჯერი, გვანცა ცხოვრებაძე.






View Larger Map