რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში თავის კოლეგას, საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების საგანგებო დავალებათა ელჩს, რაშად ჰუსეინს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებების მიმართულებით ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში არსებულ რელიგიურ და ეთნიკურ დისკრიმინაციას და რელიგიის თავისუფლების დარღვევის ფაქტებს.
ამერიკული მხარის ინტერესი გამოიწვია რელიგიის სფეროს სამართლებრივმა რეფორმებმა საქართველოში. დიალოგის ერთ-ერთი თემა იყო ამერიკის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშებში საქართველოს შესახებ ასახული ინფორმაცია და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება. აგრეთვე, ორ ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის, სტატუსის, სახელმწიფოსთან ურთიერთობის, ინტერ-რელიგიური დიალოგის, საკულტო ნაგებობების მშენებლობის, რელიგიური გაერთიანებების ფინანსური დახმარებისა და სხვა საკითხების გარშემო საერთო და განმასხვავებელი სამართლებრივი რეგულაციების განხილვა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სააგენტოსა და ამერიკის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ოფისს შორის თანამშრომლობის ისტორიას, რომელიც სათავეს სააგენტოს შექმნიდან, 2014 წლიდან იღებს და მისი გაგრძელების მნიშვნელობას, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები. სააგენტოს თავმჯდომარემ რაშად ჰუსეინი საქართველოში დაპატიჟა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ა.შ.შ.-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან - საგანგებო დავალებათა ელჩის მოადგილე, საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ოფისის წარმომადგენელი, კარსონ რელიც როკერი, საგარეო საქმეთა ოფიცერი, საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ოფისის წარმომადგენელი, რობინ შულმანი, საქართველოს დესკ-ოფიცერი, სიუზანა ვუდი; აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტიდან - გენერალური პროკურორის თანაშემწის მოადგილე, ჯონათან სმითი, უფროსი მრჩეველი, გენერალური პროკურორის თანაშემწის ოფისის წარმომადგენელი, რობერტ ვაინერი, სტაჟიორი, ჰელენ ჰანგი; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანი, კონსული, სოფია ბალანჩივაძე და რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი.