22 იანვარს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს გააცნო სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები, რელიგიის სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები. სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა ქართული ისლამის უნიკალურობაზე, საქართველოში ტრადიციულად არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანთა რელიგიური უფლებები, მათ არ აქვთ რელიგიური მსახურების მიღების, გადაადგილების, განათლების უფლება. მან ასევე, აღნიშნა რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის წაშლის ფაქტები.
„კატარის სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და მშვიდობას, პატივს ვცემთ მართლმადიდებელ რელიგიას“- აღნიშნა ბატონმა ელჩმა.
ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალ-მულამ კმაყოფილება გამოთქვა სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ გატარებული რელიგიური პოლიტიკის გამო. ელჩმა დაადასტურა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრული კავშირის განმტკიცების სურვილი. ზაზა ვაშაყმაძემ კატარის ელჩს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრის დასასრულს, სტუმარს გადაეცა სააგენტოს გამოცემები - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „რელიგიები საქართველოში“, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
