საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, იზაბელა კასტროჯოვანის მოუთხრო რელიგიის სააგენტოს აქტივობების შესახებ. თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის პრაქტიკაზე. კერძოდ, სააგენტოსა და ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზე: რელიგიურ ლიდერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ სემინარზე „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“ და ერთობლივ ტრენინგზე „რელიგიის თავისუფლება და ბავშვის საუკეთესო ინტერესები“, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
იზაბელა კასტროჯოვანიმ მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს საჩუქრად სააგენტოს გამოცემები - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „რელიგიები საქართველოში“, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ გადასცა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
