ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს თამჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით, განაგრძობს კაპელანური მსახურების შესახებ ამერიკული გამოცდილების გაზიარებას. სააგენტოს წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება ამჯერად ამერიკის ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის სამხედრო ჰოსპიტალის კაპელანმა, ოლგა ვესტფალმა გააცნო. იგი 20 წლიანი გამოცდილების მქონე სამხედრო კაპელანია და კაპელანურ მსახურებას სამხედრო ჰოსპიტალის ფარგლებში ახორციელებს.
ოლგა ცესტფალმა დეტალურად გააცნო სააგენტოს დელეგაციას ინფორმაცია სამხედრო კაპელანების შერჩევის, მათი გადამზადების, საქმიანობის პრაქტიკისა და მსახურების მნიშვნელობის შესახებ, ესაუბრა სამხედრო და საავადმყოფოს კაპელანების საქმიანობას შორის განსხვავებასა და მსგავსებაზე; ასევე, მიაწოდა ინფორმაცია, რა პროცედურებს გადიან კაპელანთა ორგანიზაციები სამხედრო დანაყოფებში მსახურების აკრედიტაციისთვის და რა კრიტერიუმებით ხდება კაპელანობის მსურველთა გადამზადება.
სააგენტოს წარმომადგენლებისთვის საინტერესო იყო სამხედრო დანაყოფებში არსებული კაპელანების პროპორციული რაოდენობა და რელიგიური მრავალფეროვნება. ასევე, მათი მიდგომები სამხედრო მოსამსახურეთა რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ. ოლგა ვესტფალის თქმით, კაპელანი, პირველ რიგში, სულიერად ამაღლებული ადამიანია და შემდეგ - სასულიერო პირი;, რადგან მხოლოდ ასეთ დამოკიდებულებას შეუძლია გააჩინოს ნდობა კაპელანსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის.
დასასრულს, ამერიკის ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის სამხედრო ჰოსპიტალის კაპელანმა წარმატებები უსურვა სააგენტოს თავმჯდომარეს საქართველოში კაპელანური მსახურების განვითარების საქმეში და საჭიროების შემთხვევაში, უპირობო დახმარება აღუთქვა.