საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, აქამდე მსგავსი სააგენტო არ არსებობდა და რელიგიურ საკითხებს პრემიერის დავალებით ის აგვარებდა.
სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მისი დებულება უკვე დამტკიცებულია.
„როგორც იქნა, საქართველოში იარსებებს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც განახორციელებს რელიგიური საკითხების შესახებ პოლიტიკას. აქამდე მსგავსი რამ არ არსებობდა. მე ვიღებდი დავალებებს პირადად პრემიერისგან, რომ ამა თუ იმ საკითხში ჩავრეულიყავი, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური სტრუქტურა შეიქმნა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია იმ თანხის განკარგვა იქნება, რომელიც სახელმწიფოს გადაწყვეტილებით რელიგიური კონფესიებისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით გამოიყო.
„სააგენტო ასევე დაინტერესდება განათლებისა და საკუთრების საკითხებით. სააგენტო იმუშავებს პრემიერ-მინისტრთან, ვინაიდან გვსურს იყოს ძალიან მაღალი სტსტუსის. ვინ უხელმძღვანელებს მას, ეს ჯერ ცნობილი არ არის. ამ თემაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილის ცნობით, სააგენტო იმ 4,5 მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში იმუშავებს, რომელიც სახელმწიფომ რელიგიური კონფესიების დასახმარებლად განსაზღვრა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
