მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამუშაო ვიზიტი სომხეთში დასრულდა
13.03.2015
1 / 6


12 მარტს დასრულდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ყოველთა სომეხთა კათალიკოსს გარეგინ მეორეს, სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მინისტრ დავით ჰარუტუნიანს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს მანუკ მკრტიჩიანს, კულტურის მინისტრის მოადგილეს არევ სამუელიანს, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელებსა და საქართველოს საგანგებო  და სრულუფლებიან ელჩს სომხეთის რესპუბლიკაში თენგიზ შარმანაშვილს. დელეგაციას, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობდა, უმასპინძლა სომხეთის მთავრობასთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიის განყოფილებამ ვარდან ასცატრიანის ხელმძღვანელობით.

ერევანში გამართულ შეხვედრებზე იმსჯელეს ორი მეზობელი ქვეყნის ერთობლივ  თანამშრომლობაზე ქართულ-სომხური ეკლესიების აღდგენა-რესტავრაციის საქმეში, ერთმანეთს გაუზიარეს რელიგიური განათლების სფეროში არსებული გამოცდილება, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს მრავალეთნიკურ ქვეყნებში რელიგიური განათლების აქტუალობასა და ამ მიმართებით სააგენტოს ამოცანებზე.

დელეგაციის წევრები გაეცნენ სომხეთის მთავრობასთან არსებული რელიგიის განყოფილების საქმიანობას, იმ სამართლებრივ ნორმებსა და მექანიზმებს, რომლითაც რეგისტრირდება რელიგიური  ორგანიზაციები და რეგულირდება რელიგიის სფეროში არსებული პრობლემები. მასპინძლები შეეხნენ, აგრეთვე, სომხეთში არსებულ რელიგიურ ჯგუფებთან მუშაობის საკითხებს და დაინტერესდნენ ამ მხრივ საქართველოში არსებული გამოცდილებით.

საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა და ელჩმა თენგიზ შარმანაშვილმა სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს,   დახმარება სთხოვეს ერევანში ქართული ეკლესიის მშენებლობისა და ქართული ეკლესიისთვის სტატუსის მინიჭების  საკითხის მოგვარებაში.

 ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე სააგენტოს თავმჯდომარემ  არაერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს გადაუწყვეტელი საკითხები, და რომ კეთილი ნებითა და ერთიერთშეთანხმებით ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.  მასპინძლებმა აქტიური თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. ზაზა ვაშაყმაძემ სომეხი კოლეგები საქართველოში, მაისში დაგეგმილ ფორუმზე მოიწვია. 






View Larger Map