მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩს მარეკ შჩიგელს შეხვდა
12.10.2020
1 / 4


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩს მარეკ შჩიგელს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში რელიგიური პოლიტიკის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევების თაობაზე.

მარეკ შჩიგელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 12 წელია მოღვაწეობს საქართველოში და მისი მანდატი გულისხმობს მხარეეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, სტაბილიზაციას, ინფორმირებას და ნდობის ამაღლებას. მან აღნიშნა რომ ის ცდილობს უფრო ფართოდ შეხედოს საკითხებს და  ხაზი გაუსვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევებს, ასევე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებს და „ბორდერიზაციის“ საკითხებს, სადაც ამ კუთხით რელიგიური პოლიტიკა და ამ  სფეროში თანამშრომლობა  მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რთულია ნდობის აღდგენის კუთხით პროგრესზე საუბარი თუ არ იქნება აღდგენილი ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში  საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები.

ელჩმა მოიწონა სააგენტოს მიერ რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობა, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელთაგან გამოყო ინტერ-რელიგიური დიალოგის ფორმატი. მისი განცხადებით იგი უნიკალურია თავისი შინაარსით, საქართველო კი ტოლერანტობის მაგალითია, რომელსაც დიდი ტრადიცია და მემკვიდრეობა გააჩნია.

ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სააგენტოს საქმიანობაში და მხარეებმა სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.