მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტოს პრეზენტაცია
09.06.2014
1 / 2


მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ, მან ისაუბრა ახლად დაარსებული სააგენტოს მისიაზე და დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა თანამშრობლობა

ქალბატონებო და ბატონებო,

მოხარული გახლავართ ჩვენი შეხვედრის.   ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე  ახალი სახელმწიფო პროექტის  წარდგენა.

საქართველომ   ტოლერანტობის უძველესი  სახელმწიფოებრივი ტრადიციების გათვალისწინებით დაიწყო ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროექტი, რაც გულისხმობს ეროვნული გამოცდილებისა და თანამედროვეობის მოთხოვნების საფუძველზე მწყობრი რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რამაც  ქვეყანას უნდა დაუბრუნოს თავის კუთვნილი ადგილი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

ამ მიზინის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა სახელმწიფოს ინიციატივითა და კვალიფიციურ ექსპერტთა და მეცნიერთა თანამონაწილეობით სპეციალური ინსტიტუტის  – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს დაფუძნება, რომელიც ისტორიული გამოცდილებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათვალისწინებით პროფესიული კვლევისა და მეცნიერული ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს რელიგიის სფეროში თანამედროვეობის გამოწვევების შესაბამისად.

უნდა მოგახსენოთ, რომ საქართველო ტრადიციულად მრავალრელიგიური ქვეყანა გახლავთ. რელიგათაშორისი  ტოლერანტობა ჩვენი ეთნოსის ბუნებრივი თვისებაა. აქვე ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლამის  15–16 საუკუნის განმავლობაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახლდათ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მართლმადიდებლები შეადგენდნენ,  ქართულ სახელმწიფოში არაქრისტიანი ქართველების გარდა მუდმივად შინ გრძნობდნენ თავს სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები.

დღეს საქართველოსთვის, როგორც ისტორიის შემოქმედი  სუბიექტისათვის  ისტორიაში დაბრუნებას  მართლაც ხელახალი თვითდადგინების  სურვილი განაპირობებს.

პოსტ-მოდერნულ საზოგადოებაში გაბატონებულმა მოსაზრებამ იმის შესახებ, რომ რელიგიამ პირად, ინდივიდუალურ სივრცეში გადაინაცვლა, წინააღმდეგობებს წააწყდა თანამედროვე მეცნიერებების დაკვირვებებში სოციო-პოლიტიკურ პროცესებზე. მკვლევართა დიდი ნაწილი საჯარო სივრცეში რელიგიის დაბრუნებაზე ალაპარაკდა, რაც უმთავრეს გამოწვევად ჩაითვალა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების მთავრობებისათვის. განსაკუთრებით კი ახალგაზრდა დემოკრატიებისათვის, სადაც გამოცდილებათა უკმარისობა სახელმწიფოში რელიგიის როლისა და ფუნქციების განსაზღვრაზე დამატებით ბარიერებად იქცა დემოკრატიზაციის განვითარების პროცესში.  აი, სწორედ ამ წინააღმდეგობათა დასაძლევად საქართველოს მთავრობამ, პირველად საქართველოს ისტორიაში, წამოიწყო ეს ეროვნულ–სახელმწიფოებრივი პროექტი, რომლის მიზანია განვითარებული დასავლური სახელმწიფოების გამოცდილებათა გაზიარებით ხელი შეუწყოს ქვეყანაში სწორი რელიგიური პოლიტიკის განხორციელებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს მიზანია შექმნას ისეთი პოლიტიკურ სამართლებრივი გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს რელიგიურ ორგანიზაციებს ქვეყანაში განახორციელონ მშვიდობის, ურთიერთსიყვარულისა და სიკეთის მისია, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობას.

რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტო განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პოლიტიკას რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით და სახელმწიფოს სტრატეგიულ მიზნებიდან გამომდინარე აყალიბებს

  1. რელიგიის სფეროს მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ რელიგიისა და   რწმენისა თავისუფლების ძირითად პრინციპებს.
  2.  ასევე, საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიურ კონფენსიური შემწყნარებლობის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების აღიარების, დამკვიდრებისა და პატივისცემის ხელშეწყობას.

სახელმწიფო თვლის, რომ დაუშვებელია პოლიტიკაში რელიგიის ჩართვა ისევე, როგორც თავად რელიგიისათვის უნდა იყოს მიუღებელი პოლიტიკური ენის გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად. სახელმწიფო ინსტიტუციურად არის გამიჯნული რელიგიისაგან, მაგრამ ეფუძნება ზოგადსაკაცობრიო ეთიკურ და მორალურ პრინციპებს, რომელიც იმავდროულად შესაძლოა რეგლიგიურ ღირებულებესაც წარმოადგენდეს. ამ პრინციპებს ეყრდნობა განვითარებული დასავლური ცივილიზაციები, სადაც სახელმწიფოში რელიგიის როლის მნიშვნელობა გააზრებულია, როგორც სახელმწიფოს კეთილდღეობის საწინდარი: “მაშინ როცა ხელისუფლება მფარველობს ყველას თავიანთ რელიგიურ უფლებებში, ჭეშმარიტი რელიგია შესაძლოა ყველაზე საიმედო მხარდამჭერად იქცეს ხელისუფლებისთვის. ყველა ქცევათა და ჩვევათაგან, რომელიც პოლიტიკურ კეთილდღეობას მოგვიტანს, რელიგია და ზნეობა შეუცვლელი საყრდენებია“. (ჯორჯ ვაშინგტონი)

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე წარმოადგენს ინსტიტუციას, რომელიც საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს საინფორმაციო, სარეკომენდაციო, კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას რელიგიის სფეროში. სააგენტო მუშაობს რელიგიის სფეროს ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა-ანალიზისას ქმნის ფართო წარმომადგენლობებს ექსპერტთა საბჭოების სახით. აღნიშნული დამოკიდებულებით სახელმწიფო ხაზს უსვამს რელიგიის სფეროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ჩვენი ინსტიტუციის მისიაა მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ გარემოში ისტორიულ გამოცდილებისა და საერთაშორისოდ   აღიარებული ნორმების გათვალისწინებით თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა.

 

გამოვდივართ რა ამ  კონცეფციის ძირითადი საზრისიდან, ვფიქრობთ, აუცილებელია მცირე სიტუაციური ანალიზი, რომელიც საფუძველს მოგვცემს მოვნიშნოთ ის სტრატეგია, რაც ზემოთდასმული მისიის განხორციელებისათვის იქნება მიზანშეწონილი

უპირველესად, სტატისტიკის შესახებ. საქართველოს მოსახლეობის რელიგიური განაწილების ზუსტი მონაცემების მოპოვება საკმაოდ რთული საქმეა. მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მიხედვით, მართლმადიდებელი მოსახლეობის ხვედრითი წილი 83%-ს შეადგენს. ვფიქრობთ, ამ მონაცემებში სერიოზული კორექტივი შეაქვს არამართლმადიდებელი მოსახლეობის, პირველ რიგში, აზერბაიჯანელებისა და სომხების შრომითი მიგრაციის მაღალ ხარისხს. ამიტომაც, ვარჩიეთ, ერთმანეთისათვის შეგვეჯერებინა აღწერისა და სხვადასხვა ექსპერტული მონაცემები. რა თქმა უნდა, წინამდებარე სურათიც არ არის ზუსტი, მაგრამ, ვფიქრობთ, იგი გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეგვიქმნის არსებული სიტუაციის შესახებ.

მართლმადიდებელი                       85.0%

მუსლიმი                                          8.0% ?

გრიგორიანელი                               4%

იუდეველი                                         0.5%

სხვა                                                    2.5%

 არც ერთი                                       1.0%

მართლმადიდებელი მოსახლეობის ეს მკვეთრი სიჭარბე ბევრწილად განსაზღვრავს ქვეყანაში რელიგიური ცხოვრების ხასიათს. გასათვალისწინებელია ისიც,რომ ამ 83%-ის უდიდესი ნაწილისათვის (სხვადასხვა შეფასებებით, ასეთების რაოდენობა მართლმადიდებლებს შორის 50-დან 70 პროცენტამდე მერყეობს) მართლმადიდებლობა ასევე  უფრო ისტორიულ-კულტურული იდენტობის გამომხატველია, გარდა  წმინდა რელიგიურისა. ამგვარი იდენტიფიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს.  ბოლო წლების განმავლობაში აშკარად შეიმჩნევა იმ ადამიანთა რაოდენობის ზრდა, ვინც მართლმადიდებლობას თავს მხოლოდ  წმინდა რელიგიური მოტივებით აკუთვნებს.

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, ამასთან აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან (მუხლი 9). 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჩნდება საგანგებო შეთანხმების იდეა სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. საბოლოოდ, დოკუმენტი ჩამოყალიბდა კონსტიტუციურ შეთანხმებად.  საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი იქნა შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, რომელიც პარლამენტმა 2001 წლის მარტში მიიღო.

კონსტიტუციურ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2002 წლის 14 ოქტომბერს. მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა იგი დაამტკიცა ამავე წლის 17 ოქტომბერს, ხოლო საქართველოს პარლამენტმა – 22 ოქტომბერს. კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს.

რელიგიასთან თუ ნებისმიერ სხვა სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავებისას  აუცილებელია ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინება: პირველი არის ის რეალობა, რაც მოცემულ სფეროში მიმდინარე პერიოდში ობიექტურად არსებობს, ხოლო მეორე ის მიზანი, რაც კანონმდებლობის საშუალებით მომავალში უნდა იქნას მიღწეული. ის პრინციპები, რომლებიც თავისი არსით შუალედურია, წარმოადგენს ჯანსაღი კანონმდებლობის ფორმირების უმტავრეს საფუძველს. მისი დაცვის გარეშე მხოლოდ არსებული ობიექტური მდგომარეობის ასახვა კანონმდებლობას ერთ ადგილზე გაყინავს  და სახელმწიფოს თუ საზოგადოების  განვიტარების შესაძლებლობას მოსპობს, ხოლო ჯერ არარსებული მხოლოდ საურველი მიზნების დაკანონება ყოველგვარი რეალობის გათვალისწინების გარეშ კანონმდებლობას  უბრალოდ ქმედითობას მოუშლის და ე. წ. „მკვდარ ნორმებს“ წარმოშობს. ამდენად პირველ რიგში უნდა გაიზომოს მანძილი რეალურ მდგომარეობასა და სასურველ მიზანს შორის, მოიძებნოს შუა წერტილი და სწორედ იქ დაფიქსირდეს კანონი.

 

ცალკე მოგახსენებთ რელიგიის საკითხთა პოლიტიკისა და საკანონმდებლო რეგულირების  სტრატეგიის  და მიზნის შესახებ:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე უზრუნველვყოთ

  1. საქართველოში კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარი და სრულყოფილი სარგებლობის უზრუნველყოფის სამართლებრივი მექანიზმების განსაზღვრა;
  2. რელიგიის ან რწმენის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის სამართლებრივი მექანიზმების განსაზღვრა;
  3. რელიგიასთან დაკავშირებით ს , შირებით ნხილულ იქნეს  მოქალაქეთტასახელმწიფოს პოლიტიკურ-სამართლებრივი ურთიერთობის ფორმის განსაზღვრა ურთიერთგამიჯვნისა და ავტონომიურობის პრინციპების დაცვით.
  4. საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის ხელშეწყობისათვის სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების განსაზღვრა;
  5. რელიგიის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის სისტემური და კონცეპტუალური ანალიზი მათი შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით.
  6. კანონმდებლობით გარანტირებული რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისათვის სამართლებრივ-პოლიტიკური მექანიზმების განსაზღვრა;
  7. ზოგადი განათლების ერთიან სისტემაში შემავალ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლები) ინტერრელიგიური განათლების ხელშეწყობა და სწავლების ფორმის განსაზღვრა.
  8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები) რელიგიური განათლებისა და, ამ მიმართულებით, აკადემიური პროცესის განვითარების ხელშეწყობა. 
  9. სახელმწიფო დაწესებულებებში რელიგიური წარმომადგენლობების („კაპელანის ინსტიტუტის“) ჩამოყალიბებისა და მათი საქმიანობის ფორმების განსაზღვრა;
  10. რელიგიურ ნიადაგზე განვითარებული კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ქმედითი და ეფექტური მექანიზმების განსაზღვრა.

 

რელიგიის თავისუფლება წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებებისა და თავისუფლებების სივრცეს, არამედ, აღიარებასა და სოლიდარობაზე დაფუძნებულ პერსონალურ  პასუხისმგებლობით აქტსაც. რელიგიის სფერო მოიცავს მრავალგვარ ურთიერთობას და აერთიანებს განსხვავებულ და მრავალფეროვან სუბიექტებს, რომლებიც მასში მონაწილეობენ სხვადასხვა სახით.

რელიგიის სფეროში ჯანსაღი ურთიერთობების უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება მხოლოდ სახელმწიფოს აქტიური ან პასიური მონაწილეობით. ამ მიმართულებით, უმთავრესი როლის შესრულება, სახელმწიფოს გარდა, უნდა შეძლოს თითოეულმა ადამიანმა, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ  თუ რელიგიურმა ჯგუფმა.

ამ მიზნის გახორციელებისათვის კი ჩვენი ხედვა ამგვარია

 

  1.  სახელმწიფოსათვის რეკომენდაციების მომზადების პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ  რელიგიურ ორგანიზაციებთან, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრებთან, სამოქალაქო სექტორთან. საჭიროების შემთხვევაში ვქმნით მუდმივმოქმედ სათათბიროსა და დროებით საბჭოებს.
  2.  შევიმუშავებთ სამართლებრივი დოკუმენტების პროექტებს რელიგიის სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
  3. ხელს ვუწყობთ  საზოგადოებრივ ცნობიერებაში შემდეგი პრინციპის დამკვიდრებას – რწმენა თავისუფლების აქტი და თითოეული ადამიანის შინაგანი არჩევანია
  4. მუდმივად ვსწავლობთ და ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობებს რელიგიის სფეროში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიურ რეკომენდაციებს.
  5. ქვეყანაში მიმდინარე რელიგიური პროცესებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავებთ მექანიზმებს რელიგიურ ნიადაგზე   შესაძლო კონფლიქტის  რისკების თავიდან ასაცილებლად.
  6. ხელს ვუწყობთ ისეთი საინფორმაციო ველის შექმნას, რომელიც განაპირობებს  გაუცხოების დაძლევას მოქალაქეებსა  და სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის.

რელიგიურ ნიადაგზე განვითარებული კონფლიქტების პრევენცია და მათზე რეაგირება სახელმწიფოს პირველად ვალდებულებას წარმოადგენს. მსგავსი კონფლიქტები საფრთხეს უქმნის მრავალეროვან პლურალისტურ საზოგადოებაში განსხვავებულ ჯგუფთა მშვიდობიან თანაცხოვრებას, მათში შემწყნარებლობისა და სოლიდარობის იდეების დამკვიდრებას. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, პრევენციული მეთოდების გამოყენების ნაწილში, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ინფორმირებულობისა და განათლების უზრუნველყოფას გულისხმობს. აკადემიური, სისტემური და ნეიტრალური განათლება, ისევე, როგორც საზოგადოების ინფორმირების სხვა საშუალებები, დაძლევს განსხვავებულ ჯგუფთა შორის ერთმანეთის უცოდინრობის, ან სტერეოტიპული ცოდნის გამო წარმოქმნილ მიუღებლობასა და შიშებს. კონფლიქტებზე რეაგირების მიმართულებით, სახელმწიფოს სამართალდაცვითი საქმიანობის გააქტიურება უზრუნველყოფს დაცული გარემოს შექმნას და პასუხისმგებლობის გაცნობიერებას.

რელიგიური უმცირესობები წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის განუყოფელ ნაწილს, რომელთაც პლურალისტური საზოგადოების განვითარებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. სახელმწიფო ვერ იქნება საზოგადოებაში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზეგავლენის წყარო, რაც გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ისეთ ქმედებებს, რაც უზრუნველყოფდა უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის არსებული ბუნებრივი განსხვავებების მოშლას. სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს კანონის წინაშე ადამიანთა და მოქალაქეთა თანასწორობის უზრუნველყოფა. ამდენად, დაუშვებელია კანონის წინაშე თანასწორობის დარღვევა იმ ნიშნით, რომ რომელიმე პირი რელიგიურ უმრავლესობას ან რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნება.

მოგეხსენებათ, რომ ქართული კანონმდებლობით უზრუნველყოფილი გახლავთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას. ამ უფლებით თანაბრად და სრულად სარგებლობა დაკავშირებული არ არის მოქალაქეობასთან ან სხვა სამოქალაქო თუ პოლიტიკურ სტატუსთან. ეს უფლება სრულად არის   დაცული ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მიუხედავად მისი რელიგიური კუთვნილებისა; მიუხედავად იმისა, თუ რა ობიექტური ან სამართლებრივი მდგომარეობა უკავია იმ რელიგიურ გაერთიანებას, რომელსაც კონკრეტული პირი მიეკუთვნება.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც შინაგანი უფლება, წარმოადგენს აბსოლუტურ სამართლებრივ კატეგორიას, რომელიც არ შეიძლება რაიმე ფორმით შეიზღუდოს ან დაწესდეს რაიმე სახის განსხვავება ამ უფლებით სარგებლობისას. რელიგიის ან რწმენის საფუძვლით დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა აკრძალულია.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც გარეგანი უფლება, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივ კატეგორიას და რიგ შემთხვევებში ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს. ასეთი შეზღუდვები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია (1995 წ.) იცნობს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთ საფუძველს - სხვათა უფლებების შელახვას (მუხ. 19(3)).

რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაცია თანამედროვე მსოფლიოში მრავალი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში - საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია - 2014-2020 წლებისთვის. დოკუმენტში აღნიშნულია –

            რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა“ .

 

საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ამ ღირებულებითი პოსტულატის დამკვიდრებისათვის აუცილებელია ჩატარდეს საგანმანათლებლო საქმიანობა. ამ საქმიანობის განხორციელება სამი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით გვესახება:

1. რელიგიური (სასულიერო) განათლება

 2. რელიგიის სწავლება საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

3. უმაღლეს სასწავლებლებში რელიგიათმცოდნეობითი  დისციპლინების  აკადემიური სწავლების მხარდაჭერა

 

განსაკუთრებული როლი ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვაში გვესახება ჩვენი ურთიერთობა მედიასთან

დემოკრატიული სახელმწიფოს შენების საქმეში მედიის როლზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. განათლების სისტემის კვალდაკვალ მედიის როლი არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობის თავალსაზრისით, არამედ რელიგიური ტავისუფლების, როგორც ღირებულების დამკვიდრების თვალსაზრისით განუზომლად დიდია. ის, რომ რწნენა თავისუფლების აქტია  სწორედ მედიით რელიგიურ თემათა გაშუქების მთავარი გზავნილი უნდა იყოს, ალბათ უდავოა. 

რელიგიის სფერო განსაკუთრებული საზოგადოებრივი ყურადღების ობიექტს წარმოადგენს. ამ ინტერესის გათვალისწინებით, მედიასაშუალებები ხშირად აშუქებენ რელიგიის სფეროში მიმდინარე მოვლენებს. საჭიროა, რელიგიური სპეციფიკის მქონე ინფორმაციის დამუშავება დაგაშუქება მოხდეს ობიექტურად, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვით, მაღალი პროფესიონალიზმითა და შესაბამისი კომპეტენციით. ამ და სხვა აუცილებელი ფაქტორების გათვალიწინებით ჩამოყალიბებული მედიაპოლიტიკა და პრაქტიკა უზრუნველყოფს რელიგიის სფეროთი დაინტერესებული საზოგადოების სწორადინფორმირებას.

 საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ (2004 წ.) განსაზღვრავს რელიგიური შინაარსის ინფორმაციის გაშუქებისას სავალდებულო რეგულაციებს. იგი გულისხმობს სარედაქციო პოლიტიკის დაცვას რელიგიური გავლენებისგან (მუხ. 16) და ისეთი პროგრამების აკრძალვას, რომლებმაც, შესაძლოა, გააღვივოს რელიგიური შუღლი, ან რომლითაც კონკრეტულ პირს ან  ჯგუფს, მისი რელიგიური კუთვნილებიდან გამომდინარე, მიადგება შეურაცხყოფა ან მოექცევა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში (მუხ. 56).

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი (2009 წ.) განმარტავს, რომ ახალი ამბების გადაცემისას დაუშვებელია მოვლენის იმგვარად გაშუქება, რომ გამოხატული იყოს კონკრეტული რელიგიური გაერთიანების მხარდამჭერი პოზიცია (მუხ. 16); რელიგიური შინაარსის ინფორმაციის გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია, სამაუწყებლო ბადეში განათავსოს სარწმუნო, დაბალანსებული, თანაზომადი და მიუკერძოვებელი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ რელიგიურ ჯგუფზე (მუხ. 32);მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებსშორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას და,აუცილებელი შემთხვევების გარდა, არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმომავლობა და რელიგიური მრწამსი (მუხ. 33).

 მედიასაშუალებების მიერ ობიექტური და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტის (რედაქტორის) კომპეტენციას რელიგიის სფეროში. ტერმინოლოგიური უზუსტობებისა და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა უზრუნველყონ საკუთარი ჟურნალისტების (რედაქტორების) გადამზადება სპეციალური პროგრამების საშუალებით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სახელმწიფომ, შესაძლოა პასუხიმგებლობა აიღოს  შესაბამისი გადასამზადებელი პროგრამების ორგანიზებასა და ზედამხედველობაზე.

 რელიგიური საკითხების გაშუქებისას ობიექტური ინფორმაციის გავრცელების მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის პირველიწყაროდან მოპოვებას. შესაბამისად, მედიასაშუალებებისათვის მნიშვნელოვანია  ოფიციალური ინფორმაცის მიღება უშუალოდ რელიგიური გაერთიანებებისგან; თავის მხრივ, რელიგიურმა გაერთიანებებმა უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის მაქსიმალურად სწრაფი გაცემა და ამ მიმართულებით  უნდა აწარმოონ ღია საინფორმაციო პოლიტიკა. თანამშრომლობისას თანაბრად უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორც ინფორმაციის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესი, ასევე, რელიგიური გაერთიანებების ავტონომიური ინტერესები. ყველა შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რელიგიის სფეროს სენსიტიური ხასიათი. მედია სუბიექტები დაგვეტანხმებიან რომ  ინფორმაციის თავისუფალმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა არც თუ ისე სასურველი შედეგები გამოიღოს.

 

და ბოლოს   ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს მოქმედება ემსახუროს ადამიანის, როგორც  სახელმწიფოში უმაღლესი ღირებულების იდეის დამკვიდრებას, ტოლერანტობას, შემწყნარებლობას, კანონისადმი პატივისცემას. ჩვენ ყველა,   რა თქმა უნდა,   თქვენთან ერთად ვიმუშავებთ ასეთი გარემოს შექმნაზე.  ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა პირველ რიგში გათვლილია საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერაზე.  საზოგადოებას კი ღირსების მქონე ადამიანები ქმნიან. ადამიანის ღირსება არ გახლავთ ერთი სუბიექტის მიერ დეკლარირებული პოსტულატი. ის მთელი საზოგადოების ცნობიერების მდგომარეობაა, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს ურთიერთობის ფორმატს საზოგადოების შიგნით – როგორც სახელისუფლო სტრუქტურებთან ასევე  რელიგიურ უმცირესობებთან. ვფიქრობთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება როგორც პიროვნული ურთიერთობების ფორმატში, ასევე ქართულ სახელმწიფოში არსებული რელიგიური თავისუფლების ზოგადადამიანური ღირებულების  გასაღრმავებლად

 






View Larger Map