მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ
08.04.2022
1 / 4


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის (საქართველოს მუსლიმი თემი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი  ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საქართველოს ებრაელთა კავშირი) საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ. ლარს  1 მლნ. ლარი დაემატა.

გადაწყვეტილება მთავრობამ რელიგიის სააგენტოსთან და რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. გაითვალისწინეს რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა. უკვე არსებულ დაფინანსებაზე დამატებულ თანხას საქართველოს მთავრობა სარეზერვო ფონდიდან აანაზღაურებს. დამატებით გამოყოფილ 1 მლნ. ლარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო რელიგიურ ორგანიზაციებს შორის გაანაწილებს. კერძოდ - მუსლიმ თემს 600.000 ლარი, სომხურ ეკლესიას- 200.000 ლარი, ებრაულ თემს -100 000 ლარი და კათოლიკურ თემს 100 000 ლარი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კერძოდ: საქართველოს ებრაელთა კავშირის  თავმჯდომარე,  აბრამ ჩანჩალაშვილი, თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი, რახამინ მურდუხაშვილი, კათოლიკე თემიდან მღვდელი ზურაბ კაკაჩიშვილი და მღვდელი აკაკი ჭელიძე, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი, კირაკოს დავთიანი, მუსლიმთა სამმართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, ეტიბარ ემინოვი, მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომელი, ოქტაი ისაევი.