მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიური ორგანიზაციები ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
09.11.2021
1 / 5


დღეს, სასტუმრო „რუმსში“, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან თემაზე - „ოჯახში ძალადობა და ბავშვის ასაკში ქორწინება“.

შეხვედრაზე, რომელიც ორგანიზებულია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, იმსჯელეს სახელმწიფოს როლსა და ძალისხმევაზე  ოჯახში ძალადობის, ბავშვის ასაკში ქორწინებისა და ქალისა და გოგონას მიმართ სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის საქმეში და  რელიგიური გაერთიანებების უმნიშვნელოვანეს როლზე ამ პროცესში (პროგრამის მხარდამჭერია ევროკავშირი და იგი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN WOMEN) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ).

დღევანდელი ღონისძიების მონაწილეები: ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი, გაეროს მოსახლეობის (UNFPA) ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ევია კოტანი, კავშირი „21-ე საუკუნე“ გამგეობის თავჯდომარე პაატა გაჩეჩილაძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირმა ალადაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) უფროსი მაკა ფერაძე შეეხნენ ისეთ პრობლემურ თემებს, როგორიცაა სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების მიმართულებით, ადრეული ქორწინების სიტუაციის მიმოხილვა და სახელმწიფოს პასუხი, ქალთა უფლებების დაცვა  და სხვა. საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სტატისტიკა, საკანონმდებლო ცვლილებები და სახელწიფოს მიდგომები ამ თვალსაზრისით.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ყურადღება გაამახვილა რელიგიური ორგანიზაციების როლზე ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მისი თქმით,  რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს მჭიდრო კონტაქტი აქვთ მრევლთან, საზოგადოებასთან, რაც მათ  გადამწყვეტ როლს ანიჭებს ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში და ეს პოტენციალი სრულად უნდა იქნას გამოყენებული. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი 2015 წლის 8 მარტს, „ტოლერანტობის სკვერში“, რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების მიერ ხელმოწერილ დეკლარაციას „ქალი - მშვიდობის დესპანი“, სადაც გამოხატულია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების პოზიცია ქალთა უფლებების დაცვისა და ოჯახური ძალადობის მიმართ.

რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი სრულად იზიარებენ სახელმწიფოს პოლიტიკას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და მზად არიან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ამ მხრივ განხორციელებულ აქტივობებს.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა, ქალთა და ბავშვთა უფლებები, ოჯახური ძალადობა მაინც გამოწვევად რჩება და მათი გადაჭრისათვის საზოგადოების ყველა  წევრის  მხარდაჭერაა საჭირო.

პროგრამა აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს და მის  სამიზნე რეგიონებად საქართველოში შერჩეულია იმერეთი და გურია. რელიგიურ ლიდერებთან კომუნიკაციის ფარგლებში, უკვე შედგა  შეხვედრები  საქართველოს მართლმადიდებელი, რომის კათოლიკე ეკლესიის, ებრაული და მუსლიმი თემის წარმომადგენლებთნ.