რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ რელიგიური რუკების პრეზენტაცია გამართა. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე წარმოადგინეს რელიგიური რუკის ორი ვარიანტი - რეგიონული და რაიონული, რომლებშიც ასახულია მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობის რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლები.
როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, საქართველოს ისტორიის მანძილზე მსგავსი სახის მასალა არ შექმნილა.
”საქართველოში პირველად შეიქმნა რელიგიური რუკა. სააგენტომ დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში იმუშავა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან კოორდინაციაში, შესაბამისად, დაიდო პროდუქტი. პროექტი განხორციელდა ორ ვარიანტად, რაც გულისხმობს ერთი მხრივ - რეგიონულ დონეზე რელიგიური რუკის შექმნას და მონაცემთა ბაზის არსებობას და მეორე გახლავთ რაიონებისა და ქალაქების დონეზე. ამასთან, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ელექტრონული ვერსიის შექმნა, რაც ჩვენს საიტზე უკვე ატვირთულია. რაც ყველაზე საინტერესოა, ამას დაემატა საკულტო ნაგებობების რუკის შექმნაც. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში რელიგიური ცნობიერების ამაღლებას, რელიგიებს შორის ურთიერთკომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ეს წაადგება ტურიზმის განვითარებას”, - აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.
ამასთან, რუკაზე დატანილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომლის თანახამადაც, საქართველოში ცხოვრობს 3 097 573 მართლმადიდებელი, 398 677 მუსლიმური თემის, 109 041 სომეხთა სამოციქულო თემის, 19 195 კათოლიკური თემის წარმომადგენელი, 12 395 იეჰოვას მოწმე, 8 591 იეზიდური თემის, 1 417 იუდეური თემის წარმომადგენელი. ამასთან, მონაცემებში აღნიშნულია კატეგორია ”სხვა” 66 915, სადაც იგულისხმება კატეგორიები, რომ აღმსარებლობა არ არის მითითებული, უარი პასუხზე, არც ერთი და სხვა მცირერიცხოვანი კონფესიების წარმომადგენლები.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
