დღეს, 15 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო ( მუჯირი), სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა ეპარქიის ეპისკოპოსი - ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს მუფტი - ბეგლარ ქამაშიძე , თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი - რახამინ მურდუხაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი - ჰანს იოჰან კიდერლენი, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის მღვდელმსახური აკაკი (ჭელიძე), იეზიდთა სასულიერო კრების თავმჯდომარე - დიმიტრი ფირბარი.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან რელიგიათა საბჭოს (პირობითი სახელწოდება) შექმნის საკითხი, იმსჯელეს საბჭოს მიზნებსა და ამოცანებზე, მუშაობის წესსა და პრინციპებზე. შეხვედრის ყველა მონაწილემ გამოხატა ამ ტიპის გაერთიანების შექმნის საჭიროება და აუცილებლობა, როგორც რელიგიურ გაერთიანებებს შორის დიალოგის, ისე- რელიგიურ გაერთიანებებსა და სახელმწიფოს შორის ინტენსიური ურთიერთობის არსებობის თვალსაზრისით.
რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსა და რელიგიური ჯგუფების მომდევნო სამუშაო შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 28 მაისს, მომავალი საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი თავიანთ წინადადებებსა და მოსაზრებებს წარმოადგენს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 