მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველო ქრისტეშობას ზეიმობს
07.01.2024
1 / 4


დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ დღესასწაულს, ქრისტეშობას ზეიმობს. საქართველოს ყველა ტაძარში სადღესასწაულო მსახურება იმართება. საშობაო ლიტურგიასთან ერთად, პატრიარქის კურთხევის თანახმად, ფანჯრებში საშობაო სანთლები ციმციმებს.

„ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის.“ - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში, რომელიც  წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს, საზეიმო წირვის დაწყებამდე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიდიაკონმა, დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო.

საშობაო ლიტურგია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქო ტახტის მოსაყდრემ. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა.

საშობაო წირვაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობას ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს და მშვიდობას, სიკეთეს, სიხარულს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს.






View Larger Map