დღეს თბილისის სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიაში ბაპტიზმის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეზობელი ქვეყნების- უკრაინის, სომხეთის, ბელორუსის, მოლდოვას, რუსეთის ასევე - გერმანული და ა.შ.შ- ს ბაპტისტური ეკლესიების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას იუბილე და ტაძრის მშენებლობის დასრულება მიულოცა. მისი თქმით, საქართველო იმპერიაში პირველი ქვეყანა იყო, სადაც ადგილი დაიმკვიდრა ბაპტისტურმა თემმა - „ჩვენს რელიგიურ მრავალფეროვნებაში ბაპტისტური თემი ღირსეულად შეუერთდა იმ ტრადიციულ რელიგიათა რიგს, რომლებიც უმრავლესობაში მყოფ აღმსარებლობასთან ერთად, ქმნიან სიმდიდრეს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებისა“ - აღნიშნა გამომსვლელმა.
ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, მისი დაარსების დღიდანვე, მჭიდროდ თანამშრომლობს ბაპტისტურ თემთან - „ბაპტისტური თემი ჩვენს ბევრ პროექტში არის აქტიურად ჩართული. უკვე მეოთხედ გამოდის ინტერრელიგიური კალენდარი, რომელშიც სხვა აღმსარებლობების ღირსშესანიშნავ დღეთა გვერდით, ბაპტისტური თემის მთავარი დღესასწაულებიც არის აღნიშნული, იგეგმება დიდი პროექტის დაწყება სადაც შეიკრიბება ინფორმაცია საქართველოში არსებული საკულტო ნაგებობების შესახებ, მათ შორის - ბაპტისტური თემის სალოცავებიც შევა" - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ. მან ასევე ისაუბრა ერთობლივ ჰუმანიტარული და სოციალური აქციების შესახებ, რომლებიც, როგორც თბილისის, ასევე რეგიონულ დონეზე განხორციელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიის ხუცესები: გია კანდელაკი ლევან ახალმოსულიშვილი, ვეფხია ციმაკურიძე და ტარიელ პაპინაშვილი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 