29 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მუსულმანური თემის წარმომადგენლებს იფთარზე უმასპინძლა და რამაზანი მიულოცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიწაზე მშვიდობიანად თანაარსებობს ქრისტიანული და მუსლიმანური სამყარო, მათ შორის მუსლიმანური სამყაროს სხვადასხვა მიმდინარეობები და ეს მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. „ჩვენ ერთი მიწა გვზრდის, ერთი მიწის შვილები ვართ და ერთად უნდა ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელშიც ჩვენი შვილები და შვილთაშვილები ასევე ძმურად იქნებიან ერთმანეთის მიმართ, “ - აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, სამძიმარი გამოთქვა თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და განაცხადა, რომ იგი ჰუმანურობის წინააღმდეგ უსასტიკესი შეტევა იყო.
პრემიერ-მინისტრმა მუსლიმანებს მოახლოებული დღესასწაული რამაზან-ბაირამი წინასწარ მიულოცა და მათ სიმშვიდე და კეთილდღეობა უსურვა.
პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ იფთარს საქართველოს მუსლიმთა შეიხი რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოში აკრედიტებული მუსლიმური სახელმწიფოების ელჩები დაესწრნენ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
