მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ელჩთან
22.12.2020
1 / 6


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს რელიგიის სააგენტოს საქმიანობა გააცნო. კერძოდ, სააგენტოს აქტივობა ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მისი როლი საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის თვალსაზრისით - ქონებრივი და საფინანსო კომისიის სხდომები, რომლებზეც რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკულტო ნაგებობების გადაცემის საკითხებს განიხილავენ, სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობა, რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსება საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის გამო და სხვა. სტუმარს მოუთხრეს, აგრეთვე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ სემინარებსა და ტრენინგებზე, ყოველწლიურ, ტრადიციულ კონფერენციაზე „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ებრაულ თემთან თანაცხოვრების უნიკალურ გამოცდილებაზე და აგრეთვე, ქართული ისლამის განსხვავებულ ხასიათზე, რომელიც, მსოფლიოში არსებული დაპირისპირებების ფონზე, შიიტებისა და სუნიტების მშვიდობიანი თანაცხოვრების დადებით გამოცდილებად აღიქმება.

ზაზა ვაშაყმაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ დიდ მხარდაჭერას, რომელსაც რელიგიის სააგენტო დიპლომატიური კორპუსის მხრიდან გრძნობს და აღნიშნა, რომ სააგენტოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა სააგენტოს პოზიტიურ როლს ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს განმტკიცებაში. ელჩი დაინტერესდა ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობით და განაცხადა, რომ მსგავსი ფორმატი მხოლოდ მისასალმებელია. ასევე, მოიწონა საკულტო ნაგებობათა რუკა და აღნიშნა, რომ მსგავსი სხვაგან არსად უნახავს. მარკ კლეიტონი სააგენტოს თავმჯდომარეს დიდ ბრიტანეთში არსებულ კოლეგა ორგანიზაციასთან ინტენსიური კონტაქტების განახლებაში დახმარებასა და მხარდაჭერას დაპირდა.  შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

საუბრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ დიდი ბრიტანეთის ელჩს საჩუქრად 2021 წლის ინტერრელიგიური კალენდრის სასიგნალო ეგზემპლარი გადასცა.






View Larger Map