მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან
06.04.2021
1 / 4


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ა/წ 6 აპრილს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ირანის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, აქბარ ყასემი ალიაბადისთან.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა, ისევე როგორც მის წინამორბედთან, წარმატებული იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის  მეგობრობას.

შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში რელიგიური პოლიტიკის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევებზე.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ისლამის ფენომენზე და განსხვავებულ ხასიათზე, რომელიც, მსოფლიოში არსებული დაპირისპირებების ფონზე, შიიტებისა და სუნიტების მშვიდობიანი თანაცხოვრების დადებით გამოცდილებად აღიქმება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოში ირანის ელჩმა  მადლობა გადაუხადა სააგენტოს მიღებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, რომ  მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ირანს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.






View Larger Map