13 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვასთან.
სააგენტოს თავმჯდომარემ და ელჩმა ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთის რელიგიის პოლიტიკასა და იმ საერთო გამოწვევებზე, რომლებიც ამ ორ მართლმადიდებელ ქვეყანას გააჩნია.
ზაზა ვაშაყმაძემ დესისლავა ივანოვას გააცნო ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლების მიერ რელიგიის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები და სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე, სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები.
ახლად დანიშნულმა ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა იმ კეთილგანწყობის შესახებ, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღეებიდანვე გრძნობს, ამას კი ორი ქვეყნის ურთიერთობა და ის საერთო შეხედულებები განაპირობებს, რომელსაც საქართველოცა და ბულგარეთიც იზიარებს.
დესისლავა ივანოვამ სააგენტოს თავმჯდომარეს დაუდასტურა ბულგარეთის მხარდაჭერა და აცნობა, რომ 2017-2018 წლებში მის ქვეყანას ორი მნიშვნელოვანი მისია დაეკისრება, გახდება ნატოს საკონტაქტო საელჩო და მიიღებს ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსს, აღნიშნული გადაწყვეტილებები მხოლოდ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებას, შესაბამისად, ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას ნატოსა და ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. ეს ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვისას საქართველოს სასარგებლოდ ბულგარეთის მტკიცე პოზიციამაც დაადასტურა.
ამასთან ერთად, ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს გააცნო ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები და პროექტები, რომელსაც ბულგარეთი საქართველოში ახორციელებს.
ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს შესთავაზა თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება, სთხოვა, აგრეთვე, ბულგარეთის მთავრობასთან არსებული რელიგიისა და რწმენის დირექტორატის ხელმძღვანელის ემილ ველინოვის საქართველოში მოწვევა.
დესისლავა ივანოვამ სიამოვნებით მიიღო სააგენტოს თავმჯდომარის მიწვევა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ეს უწყება უახლოეს მომავალში გეგმავს და აღუთქვა დახმარება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც სააგენტოს აინტერესებს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 