რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შაფთაი ცურთან გამართა შეხვედრა, რომელსაც ჯამლეთ ხუხაშვილი და თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი ესწრებოდნენ.
სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გაუზიარა სიხარული იმის გამო, რომ ელჩი ქართველი ებრაელია, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს ორი ქვეყნის მეგობრობასა და სააგენტოსთან თანამშრომლობას.
ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს გააცნო ბოლო წლებში იუდეური თემის ფინანსურ და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
შაფთაი ცურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ქართველი ებრაელების დახმარებისათვის. ბოლო წლებში ხელისუფლების ძალისხმევით რესტავრირებულია 8 სინაგოგა, დავით ბააზოვის სახელობის ებრაული მუზეუმი, სამი წელია ფინანსდება საქართველოს ებრაელთა კავშირი. ელჩმა აღნიშნა, რომ არ იცის მსგავსი პრეცედენტი და მსოფლიომ უნდა გაიგოს, როგორ ეხმარებიან საქართველოში კონფესიებს.
ზაზა ვაშაყმაძე და შაფთაი ცური შეთანხმდნენ ერთობლივად მოაგვარონ ვანისა და საჩხერის სინაგოგის საკითხები და ამ რეგიონებში კიდევ ერთხელ იზეიმონ ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 