რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მელინა არაკელიანს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მილოცვით დაიწყო. ზაზა ვაშაყმაძემ იმედი გამოთქვა, რომ აქტიურ თანამშრომლობას რელიგიის სააგენტოსთან ახლადდანიშნული ელჩიც წარმატებით განაგრძობს.
შეხვედრის მიზანი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის გაცნობა იყო. საქართველოს სახელმწიფოს მიერ რელიგიის თავისუფლების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები, რელიგიური მრავალფეროვნება, ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატი და მისი ფუნქციონირება, ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები - ასეთი იყო საუბრის ძირითადი თემები. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტს ადამიანის უფლებები, მათ შორის, რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს და ამ კუთხითაც, ნიდერლანდების საელჩოსთან თანამშრომლობა სააგენტოსთვის სასარგებლო იქნება.
სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რელიგიის თავისუფლების დარღვევის ფაქტებს რუსეთის მიერ ოკუპრებულ საქართველოს ტერიტორიებზე, იქ დარჩენილი ქართველი მოსახლეობის უმძიმეს რეალობას და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების საკულტო ნაგებობების, განსაკუთრებით მართლმადიდებლური ტაძრების სავალალო მდგომარეობას, ქართული კვალის წაშლის მცდელობებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მისი თქმით, აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლისა და იქ ღვთისმსახურების უფლება აქვს ყველა კონფესიას, საქართველოს მართლმადიდებელ;ი ეკლესიის გარდა.
მელინა არაკელიანმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისთვის და გამოხატა ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ სრული მხარდაჭერა. ელჩის აზრით, ამ კონტექსტში რელიგიის, გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი საკითხებია და ამ მიმართულებით, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან.
შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს პუბლიკაციები - ინტერრელიგიური კალენდარი, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ და „რელიგიები საქართველოში“ გადასცა.