დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მთავარი მრჩევლები, დოქტორი ისრაფილ ქიშლა და დოქტორი ეკტა სარაჩი, დიანეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ჰაფიზ ოსმან შაჰინი, თურქეთის რელიგიურ საქმეთა ფონდის ასოციაციის დირექტორი, იზანი თურანი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მუსტაფა თურქერ არი და რელიგიის ატაშე, მაჰმუთ გოლი.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოქალაქეების რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის, საქართველოს მუსლიმი თემის უფლებების დაცვის, ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის, საკულტო ნაგებობებთან შეუფერხებელი წვდომის საკითხებზე, მხარდამჭერ პროექტებსა და ამ თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებზე.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. მათ ხაზი გაუსვეს ქართულ-თურქული ურთიერთობების მნიშვნელობას სამეზობლო პოლიტიკის ყველა სფეროში და გამოთქვეს რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
