მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა ბესარაბიის მიტროპოლიტთან
22.01.2022
1 / 3


მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ბესარაბიის მიტროპოლიტმა, პეტრუ პადურარუმ მიიღო.

მოლდოვას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 93%-ზე მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანია. ისინი მოლდოვას მართლმადიდებელ ეკლესიის ან ბესარაბიის მიტროპოლიის მრევლს წარმოადგენენ. მოლდოვას მართლმადიდებელი ეკლესია ავტონომიურია და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილება, ბესარაბიის მიტროპოლია კი რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაშია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ბესარაბიის მიტროპოლიტს მოკლედ მოუთხრო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობის, რელიგიებისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მთავრობის ფინანსური დახმარებისა და ინტერრელიგიური დიალოგის ფორმატის თაობაზე. ზაზა ვაშაყმაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, მათ შორის, ადამიანის რელიგიური უფლებების, განსაკუთრებით - ეთნიკური ქართველების რელიგიური უფლებების შელახვის ფაქტებზე და ვითარების უკეთ აღსაქმელად,  მიტროპოლიტს სააგენტოს მიერ მომზადებული წიგნი „ოკუპირებული მემკვიდრეობა” გადასცა.

მიტროპოლიტ პეტრუ პადურარუს განცხადებით, სრულიად მიუღებელია რუსეთის ეკლესიის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამიტროპოლიტოსთან, გასულ წლებთან შედარებით, ურთიერთობები დალაგდა. მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მჭიდრო ურთიერთობებს და ამის საილუსტრაციოდ თქვა, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი ჩამოდის საქართველოში წმინდა ადგილების მოსალოცად. ბესარაბიის მიტროპოლიტმა განსაკუთრებულად აღნიშნა დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწისა და განმანათლებლის, ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი რუმინეთის ეკლესიის განვითარებაში.

 

შეხვედრის დასასრულს, პეტრე პადურარუმ მადლიერება გამოხატა დელეგაციის სტუმრობის გამო. მისი აზრით, ორ მართლმადიდებელ ერს შორის ურთიერთობას, თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში, დიდი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მამუკა ქურასბედიანი, პირველი მდივანი (საკონსულო ფუნქციების შემსრულებელი), მიხეილ ჩხეიძე,  რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და პროტოკოლის მენეჯერი, გვანცა ცხოვრებაძე.






View Larger Map