მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა მოლდოვას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან
21.01.2022
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში გრძელდება. რელიგიის სააგენტოს თვმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე მოლდოვას პარლამენტის იურიდიული, იმუნიტეტისა და დანიშვნების კომიტეტის თავმჯდომარეს, ოლესია სტამატის შეხვდა.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და მოლდოვას შორის არსებულ ტრადიციულ, მეგობრულ ურთერთობაზე და ხაზი გაუსვა სამეულის ფორმატში (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროინტეგრაციის გზაზე პარტნიორობასა და გამოცდილების გაზიარებას. მან გააცნო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, ისაუბრა ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობაზე, საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მთავრობის მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზე. ზაზა ვაშაყმაძემ, ასევე, მოუთხრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ 2008 წლის შემდეგაც, რუსეთი საზღვრების გადმოწევითაა დაკავებული და „მცოცავი ოკუპაცია“ დღემდე გრძელდება.

მოლდოვას საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობა დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. მისი თქმით, რელიგიის სფეროში საქართველოს გამოცდილება მოლდოვასთვის უაღრესად საჭირო და საინტერესოა,  ბევრი რამ კი გასათვალისწინებელი, რადგან საქართველოს, ამ მხრივ, სერიოზული მიღწევები აქვს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დნესტრისპირეთში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, ანალოგიური არა, მაგრამ პრობლემები მოლდოვასაც აქვს; მაგალითად, სეპარატისტული  რეჟიმის მხრიდან ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, არსებობს პრობლემები სწავლის უფლებასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიზე საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით - ფერმერები, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ მიწა, ხანდახან ვერ ახერხებენ გადასვლას.

            საუბრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის კანონით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ  საინტერესო იქნება ამ მხრივ მოლდოვას პრაქტიკის გაზიარება. საპასუხოდ ოლესია სტამატიმ განაცხადა, რომ სასარგებლო იქნება არა მხოლოდ პრაქტიკის, არამედ კანონში არსებული ხარვეზების  გათვალისწინებაც და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, რელიგიის სააგენტოსთვის ამ პროექტის გაზიარება მოხდეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მამუკა ქურასბედიანი, პირველი მდივანი (საკონსულო ფუნქციების შემსრულებელი) მიხეილ ჩხეიძე,  რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და პროტოკოლის მენეჯერი, გვანცა ცხოვრებაძე.